logo
ENG



პრეზიდენტს პრინციპული ტონი ჰქონდა - წულუკიანი რურუას არშეწყალებაზე

01 აგვ 202013:00
3 წუთის საკითხავი
clock 847

იუსტიციის მინისტრი და ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი პრეზიდენტის  გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" მეწილეს, გიორგი რურუას არ შეიწყალებს. 

წულუკიანი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში არის დამოუკიდებელი.

„გუშინ ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს პრეზიდენტს. მას ჰქონდა თავის განცხადებაში საკმაოდ პრინციპული ტონი და პოზიცია. ეს არის მისი გადაწყვეტილება. მინდა, ხაზი გავუსვა იმ თვალშისაცემ საკონსტიტუციო რეალობას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში, რაც შეეხება შეწყალებას, ნებისმიერ სხვა პოზიციას, თუ გადაწყვეტილებას, არის დამოუკიდებელი და არ ექვემდებარება არავის. აქედან გამომდინარე, მე ვერ წარმომიდგენია, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო მის განცხადებაზე, თუ არა ის, რომ მოვისმინეთ, გავიგეთ და ვიცით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. 

ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამაც.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზება გრძელდება და დაინტერესდა, დაიცავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას.


close დახურვა