არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა პარლამენტის მუშაობის გაგრძელებასა და საგაზაფხულო სესიების შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები რჩება პრიორიტეტად საკანონმდებლო ორგანოსთვის.
„საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ არის ამოწურული - ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ დაგჭირდეს გაგრძელება, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებული ეპიდსიტაუციაზე. იქნება ორი პრიორიტეტი - ერთი, ეს არის პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი კრიზისული და პოსტკრიზისული ღონისძიებები. ასევე, ზედამხედველობის და შეფასების ნაწილი. მეორე პრიორიტეტი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა, რომლებზეც ვიმუშავეთ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მოითხოვს რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარს აცხადებს საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობაზე.
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის:
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
ამაასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.