logo
ENG



პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და ოთარ ფარცხალაძესთან კავშირებს უარყოფს

19 სექ 202317:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/19/mi97o2pxy9cdx3b.png

გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან არანაირი შემხებლობა აღარ აქვთ და ნებისმიერი მსგავსი განცხადება ცილისწამებაა.

"პროკურატურის და მისი ხელმძღვანელი პირების, თანამშრომლების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ძირითადად ის კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომლის წარმომადგენლების მიმართ წლებია სამართალწარმოება არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პროპაგანდისტული დეზინფორმაციის მიზანი უწყების საქმიანობისთვის ხელის შეშლაა, რათა წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულზე პასუხი არავის მოეთხოვოს და პასუხისგებას გაექცნენ, რაც რა თქმა უნდა, არავის გამოუვა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, პროკურატურაში აცხადებენ, 2013 წლის შემდეგ მას არანაირი შემხებლობა საქართველოს პროკურატურის საქმიანობასთან არ ჰქონია:

"ასევე არანაირი შემხებლობა არ ჰქონია მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან. ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევადია. როგორც აღვნიშნეთ, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა 2013 წელს, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო 2014 წლის 28 ივლისს, მხოლოდ ამ თარიღებითაც კი ნათლად ჩანს მსგავსი სპეკულაციების აშკარა სიყალბე".

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა. 

18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა - სებ-ის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.


close დახურვა