logo
ENG



ჟიჟილაშვილი სანაიას საქმეზე: სრული მწვანე შუქია, ქუჩაში შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გინდათ

25 აგვ 202110:37
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ტელეწამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ ვახო სანაის თავდასხმის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისივე თქმით, ეს მწვანე შუქს უნთებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას. 

"წარმოუდგენელია, რომ ამ ტიპის სასამართლოში მომუშავე მოსამართლეს მიეღო რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილება. ეს ადამიანები გამოვლენ, გათავისუფლდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენს, ვისაც ასე ქუჩაში შეურაცხყოფის მოყენება მოუნდება, დავალებით ან საკუთარი ინტერპრეტაციებით, რაღაც მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, მას შეუძლია თავისუფლად გააკეთოს იგივე. თან ეს ხდება 5 ივლისის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩვენ დავკარგეთ კოლეგა, სწორედ მსგავსი წახალისებული ადამიანების მხრიდან აგრესიული ქმედებების შედეგად. ეს არის სრული მწვანე შუქი, თქვენ შეგიძლიათ ქუჩაში გააკეთოთ ის, რაც გინდათ ამისთვის ან უდანაშაულოდ გცნობენ, ან მხოლოდ ექვსი თვით არ მოიწყენთ ისე გაატარებთ დროს საკანში", - ამბობს ჟიჟილაშვილი. 

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები საპატიმროს დღესვე დატოვებენ. სამივე მათგანს შეეფარდა 6-თვიანი პატიმრობა, ეს ვადა კი დღეს 25 აგვისტოს იწურება.

სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ 126-ე [ძალადობის] მუხლით უდანაშაულოდ სცნო და დისკრიმინაციული მოტივით ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;

ვაჟა გიგაური დამნაშავედ სცნო მოსამართლემ და ასევე, მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა, გიორგი სახელაშვილს კი ასევე 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

განაჩენი მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ცნობისთვის, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.

შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი - ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი დააკავა. მათ ბრალად პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა ედებათ. 


close დახურვა