logo
ENG



ჟურნალისტი მარნეულიდან: ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მარკეტში მუშაობდა

23 მარ 202010:32
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულში საკარანტინო რეჟიმის დაწესების შემდეგ ადგილობრივი ჟურნალისტები მუნიციპალიტეტში არსებულ პანიკაზე საუბრობენ. მათი თქმით, ენის ბარიერის გამო მოსახლეობის  ნაწილმა, კარანტინთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები ვერ გაიგო.

მედიის წარმომადგენლების თქმით, რაიონში საკვებ პროდუქტებზე ფასი შეზღუდვების დაწესებამდეც მომატებული იყო, კარანტინზე გადასვლის შემდეგ ადგილობრივები ეკონომიკურ კრიზისს ელიან.  ჟურნალისტები მარნეულში ინფიცირებულ ქალზეც საუბრობენ,

ჟურნალისტ თიკო დავაძის თქმით, გარდა იმისა, რომ დაინფიცირებული ქალი მარკეტში მუშაობდა და უამრავ ადამიანს ემსახურებოდა, მას შეხება ჰქონდა ფულთანაც.

„ჩემს მესენჯერში არ წყდებოდა მესიჯები, მწერდნენ ჩემი მეგობრები და მოსახლეობა. რაც ვიცი ბოლო ინფორმაციით, ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მარკეტში მუშაობდა“, - განაცხადა დავაძამ.

როგორც ჟურნალისტი ვლადიმერ ჩხუტუნიძე აცხადებს, კარანტინის დროს მარნეულში ბიზნეს ობიექტებს დიდი ზარალი მიადგებათ.

„გაუგებარი იქნება ჩემი აზრით მოსახლეობისთვის თუ რა ხდება და რა იქნება. ბიზნეს ობიექტებს მიადგება დიდი ზარალი და მარნეულში ბიზნესი არის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი საარსებო წყაროა მათთვის“, - განაცხადა ჩხუტუნიძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სამაგიეროდ, არიან გამოჯანმრთელებული პაციენტები - კერძოდ, ასეთი სამი პირია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა მარინა ენდელაძემ ექსკლუზიურად „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, კიდევ 5 ინფიცირებულზე ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღებს და მათი ნაწილი კლინიკას მალე დატოვებს.

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა. ამის გამო, მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული. 


close დახურვა