მთავარი არხის ჟურნალისტმა, გიგლა თუმანიშვილმა რუსთავის ციხესთან შიმშილობა დაიწყო.
როგორც თუმანიშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, მისი მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.
"ამ დრომდე ველოდი, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მთავრობამ გადაწყვიტა, ის სამკურნალოდ არასად გადაიყვანოს. ახლა ვუყურებთ, ქართული ოცნება როგორ კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. როგორც რიგითი მოქალაქე ვითხოვ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ნებისმიერ წუთს შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა", - განაცხადა თუმანიშვილმა.
თუმანიშვილის გარდა შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, სტრატეგია აღმაშენებლის მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი გოგუაძე და მესამე პრეზიდენტის კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 36-ე დღეა, ციხეში შიმშილობს.
ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის ექსპერტებისგან შემდგარი ექიმების ჯგუფმაც.
სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი 24 ოქტომბერს შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები, მათ შორის, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია და საჭირო სამედიცინო დახმარებას ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში მიიღებს.