ამერიკულ-გერმანული "ფაიზერი", ბრიტანული "ასტრაზენეკა", ასევე ჩინური "სინოფარმა", ან "სინოვაკი" - ეს ბოლო პერიოდში დასახელებული სხვადასხვა ვაქცინაა, რომელიც საქართველოში შეიძლება, შემოიტანონ.
მთავრობის გეგმით, ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივი იქნება. პირველ ეტაპზე მხოლოდ რისკ ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათ შორის იქნებიან, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლები, ხანდაზმულები. ეს სია ჩამოყალიბების პროცესშია.
ჯერჯერობით მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია გვაქვს, როდის, რომელ და რა რაოდენობის კოვიდვაქცინას შემოიტანს საქართველოს მთავრობა, ან როგორია ვაქცინაციის გეგმა ყველა ტიპის გამოწვევის გათვალისწინებით - როგორც ლოჯისტიკური, ასევე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით. კომუნიკაციის არამწყობრი სტრატეგია ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებას აბნევს. ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის უცნობია, როდის შეძლებს ქვეყანა დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ ტემპს.
2021 წლის დადგომასთან ერთად კონტურები შედარებით გამოიკვეთა იმ მხრივ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაზე ხელსაყრელად "ასტრაზენეკას" მიიჩნევენ. ასევე, მოსახლეობას არწმუნებენ იმაშიც, რომ პირველ ეტაპზე "ფაიზერის" ათასობით დოზასაც შემოიტანენ. დაავადევათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანას აქვს რესურსი "ფაიზერის" 200 ათასი დოზა მიიღოს.
"კოვაქს პლატფორმით", რომელიც ვაქცინის მთავარი წყარო უნდა იყოს საქართველოსთვის, შესაძლოა, ხელმისაწვდომი გახდეს ჩინური პრეპარატიც, თუმცა მისი სანდოობა ეჭვქვეშ დგას, ვინაიდან მისი გამოკვლევის შედეგებზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, ერთ თვეში იქნება და "საუბარია, პირველ რიგში ასტრაზენეკაზე". მანამდე, ცერცვაძე ამბობდა, რომ განიხილება საქართველოში ორი ვაქცინის შემოტანა - ერთი AstraZeneca, მეორე კი ჩინური წარმოების ვაქცინა. მოგვიანებით, იგი შეეცადა ნათქვამი შემდეგნაირად განემარტა:
"მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის "ხელწამოსაკრავი" და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილიადა სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის".
იმავეზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც. იგი განმარტავს, რომ ბრიტანული ვაქცინა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ხელსაყრელია, მისი შენახვის სიმარტივიდან გამომდინარე:
"ფაიზერის ვაქცინა, შეიძლება გახდეს პირველი, რომელსაც შემოვიტანთ და შემდეგ მოყვება მას ასტრაზენეკა".
მისივე თქმით, კოვაქსის პლატფორმაზე, სავარაუდოდ, იქნება ჩინური ვაქცინაც, თუმცა მისი ავტორიზაციის სტატუსი უცნობია. დღეს, 13 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ გამორიცხავს ჩინური ვაქცინის საქართველოში შემოტანას:
"ცალსახად, ჩვენ ვსაუბრობთ "ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე. ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა".
500 ათასი დოზა "ასტრაზენეკას" ხელმისაწვდომობაზე ინფორმაცია აქვს ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს, აკაკი ზოიძეს, რომელიც ამ საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფშია ჩართული. ფორმულასთან ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ მანამდე, მთავარია ბრიტანულმა პრეპარატმა ჯანმრთელობის ორგანიზაციის თანხმობა მიიღოს.
"ორიენტაცია ახლა გვაქვს ასტრაზენეკას ვაქცინაზე, რომელსაც იმისათვის, რომ სამხრეთ კორეაში აწარმოონ, სჭირდენა ჯანმოს პრეკვალიფიკაცია. დეკემბერში მოსული წერილის მიხედვით, ასტრაზენეკას ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადრე გაზაფხულზე", - ამბობს აკაკი ზოიძე.
ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ოქსფორდის "ასტრაზენეკასთან" ერთად შესაძლოა კოვაქსით ჩინური ვაქცინებიც გახდეს ხელმისაწვდომი, რის გამოც "გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით".
"კოვაქს პლატფორმის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი უნდა იყოს "ასტრაზენეკა" - ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა. ასევეა "სინოფარმა", "სინოვაკი" და ა.შ. ჩინურ ვაქცინებთან მიმართებით ასეთი გულდამშვიდებული ვერ ვიქნებით. მათ კვლევები ჩაატარეს ბრაზილიაში, ინდონეზიაში, თურქეთში და თითქმის გამოუქვეყნებელია მასალები ან ძალიან დახურულია ინფორმაცია. ზოგი კვლევით 50%-ს არ აღემატება პრეპარატების ეფექტიანობა, ზოგი ვექტორული სინოვაკის ავქცინა შეიძლება 79%-ს წერდეს", - ამბობს კულუმბეგოვი.
რა ვიცით ჩინურ ვაქცინებზე?
ჩინეთში ხუთ ვაქცინაზე მუშაობდნენ, თუმცა ამ დროისთვის ორი მათგანი დაწინაურდა - სინოვაკი და სინოფარმა, რომლებიც ტესტირებას საზღვრებს გარეთაც გადიან.
სინოვაკი ბეიჯინგში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც შექმნა ვაქცინა "კორონავაკი".
13 იანვარს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური ცდების შედეგებით, ვაქცინამ 50,4%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. შედეგით ჩანს, რომ პრეპარატი წინა კვლევასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებეფექტიანი აღმოჩნდა. აქამდე გამოქვეყნებული მონაცემებით, მისი ეს მაჩვენებელი 78%-ზე დაბალი იყო.
გასულ კვირას ბრაზილიაში, ბუტანტანის ინსტიტუტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ სინოვაკს 78%-იანი ეფექტიანობა აქვს ინფიცირების მსუბუქ და მწვავე შემთხვევებში. მათი თქმით, კვლევის მესამე ფაზაში, არცერთ აცრილ მოხალისეს არ განუვითარდა მწვავე, ან მსუბუქი სიმძიმის სიმპტომები. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთმა მეცნიერმა დააზუსტა, რომ ეფექტიანობის შეფასება ეფუძნებოდა იმას, რამდენად იმუშავა ვაქცინამ მოხალისეთა მხოლოდ ერთ ქვეჯგუფში.
სინოვაკის კვლევებმა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა შედეგი აჩვენა. გასულ თვეში თურქმა მეცნიერებმა გამოაცხადეს, რომ ის 91,25%-ით ეფექტიანია, ინდონეზიაში კი, სადაც მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, თქვეს, რომ სინოვაკი 65,3%-ით ეფექტიანია.
სინოვაკის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ მისი შენახვა 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურის მაცივარში შეიძლება, ისევე როგორც ოქსფორდის ასტრაზენეკას ვაქცინის. ეს, შეიძლება, ნიშნავდეს იმას, რომ ის ხელმისაწვდომი გახდეს განვითარებადი ქვეყნებისთვისაც, რომელთაც რთულად შესანახი ვაქცინის პირობები ნაკლებად აქვთ.
სინოფარმი ჩინური სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც კლინიკურ კვლევებს ატარებს კოვიდვაქცინაზე. 30 დეკემბერს კომპანიამ განაცხადა, რომ ვაქცინამ 79,34%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ჩინეთის მთავრობამ ის 31 დეკემბერს დაამტკიცა. მიუხედავად ამისა, სინოფარმს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია კვლევის მესამე ფაზის დეტალური შედეგები.
ამასთან, ისევე როგორც სინოვაკის ვაქცინის დროს, 9 დეკემბერს განსხვავებული კვლევის შედეგი დაფიქსირდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც თქვეს, რომ ვაქცინა 86%-ით ეფექტიანია. კომპანიის წარმომადგენელმა თავდაპირველად უარი თქვა განმარტებაზე, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ორივე შედეგი "რეალური და ვალიდურია", განსხვავება კი იმაში იყო, როგორ წარიმართა კვლევა.
მალევე, 13 დეკემბერს ბაჰრეინმა დაამტკიცა ის, იანვარში კი იორდანიამ ავტორიზაცა მიანიჭა გადაუდებელი გამოყენებისთვის.
საქართველოსთვის პერსპექტიული ვაქცინები
ფაიზერის ვაქცინამ 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. მისი თავისებურებაა, რომ ინახება -70/-80 გრადუსიან მაცივარში.
ის უკვე დაამტკიცა კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა, საუდის არაბეთმა, ასევე, აშშ-მ გადაუდებელი გამოყენებისთვის. ამ ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
ფაიზერი 2021 წლისთვის გეგმავს 1,3 მილიარდი დოზა გამოუშვას. მანამდე, იაპონიამ უნდა დადო შეთანხმება, 120 მილიონი დოზის შესყიდვაზე, ევროკავშირმა კი 300 მილიონი დოზის შესყიდვა დაგეგმა. დეკემბერში კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი ჩინეთსაც მოამარაგებენ 100 მილიონი დოზით, რაც დასავლური ვაქცინის ჩინეთში გაყიდვის პრეცენდენტი იქნება.
ოქსფორდის მეცნიერების მიერ შექმნილი კომპანია ასტრაზენეკას ვაქცინა დიდმა ბრიტანეთმა, არგენტინამ და მექსიკამ დაამტკიცა გადაუდებელი გამოყენებისთვის. ახლა საჭიროა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია.
კოვაქს პლატფორმამ, რომელმაც, მათ შორის, საქართველოს უნდა მიაწოდოს ვაქცინა, მისი 170 მილიონი დოზა შეიძინა.
ასტრაზენეკას ვაქცინა 2020 წლის პირველ თვეებში შექმნა. პირველი საცდელი დოზები აპრილში გაკეთდა და მას შემდეგ დამტკიცებამდე კიდევ არაერთი ეტაპი გაიარა. კომპანიის წარმომადგებლების თქმით, ეს ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც იმუშავებს.
ავტორი: გვანცა ნემსაძე