logo
ENG



რა ვიცით დავით გარეჯის კომისიის და მისი ყოფილი წევრების დაკავების საქმეზე

07 ოქტ 202020:32
3 წუთის საკითხავი
clock 4960
pxc2c2ncp3yvme8.jpg

7 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ დააკავა და საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით ბრალი წარუდგინა დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელს, ივერი მელაშვილს და კომისიის წევრს, ნატალია ილიჩოვას. 

პროკურატურის ამ ნაბიჯს ოპოზიციის, ექსპერტებისა და სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა - ისინი საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ და თემის წამოწევას წინასაარჩევნო სვლად აღიქვამენ.

რას ამბობს გამოძიება

გამოძიება დაკავებულებს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, 3500-მდე ჰექტარი უცხო ქვეყანას გადასცეს". როგორც პროკურატურა ამბობს, გამოძიება თავდაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე 17 აგვისტოს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ათიდან 15 წლამდე პატიმრობა ელოდებათ. 

აზერბაიჯანის და საქართველოს საზღვარი, არსებული ფორმით, 1938 წელს, საბჭოთა კავშირის პირობებში დადგინდა და ორმხრივად შეთანხმდა. თუმცა, დადგენილია სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილი - 294 კილომეტრი 446 კილომეტრიანი ზოლიდან. სწორედ შეუთანხმებელი საზღვრის დადგენაზე მუშაობს სპეციალური კომისია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ივერი მელაშვილი უძღვებოდა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ და არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000. 

კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით: "ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ, დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 500 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

უწყების განცხადებით, "მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ გამოეყენებინათ ის საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში.

აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო დასახელებული რუკის მხოლოდ ასლი და მათ მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ მომხდარიყო ამ რუკის გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები, იმ მიზეზით, რომ არ არსებობდა რუკის დედანი, მისი ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, ეწინააღმდეგებოდნენ მის გამოყენებას. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა, საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა". 

პროკურატურა ამბობს, რომ მათ გამოძიება თავდაცვის სამინისტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძელზე დაიწყეს.

"ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე". - ამბობს პროკურატურა. 

რას ამბობდნენ ბრალდებულები დაკავებამდე

ივერი მელაშვილმა ფორმულას ეთერში, 5 ოქტომბერს თქვა, რომ რეალურად, იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი".

შესაბამისად, მელაშვილის თქმით, 1:200 000-იან რუკას, რომლის მიხედვითაც დავით გარეჯის იქითა მხარე საქართველოს შემადგენლობაშია, მტკიცებულებად აზერბაიჯანულ მხარეს ვერ წარუდგენდნენ, "იმიტომ, რომ მეორე მხარეც ძალიან მარტივად ჩაუტარებს ექსპერტიზას და დაადგენს, რომ ასე არაა". 

რაც შეეხება 1937 წელს გამოცემულ 1 : 500 000-იანი მასშტაბის რუკას, მელაშვილი ამბობს, რომ 1938 წელს ამიერკავკასიის სამმა ქვეყანამ შეათანხმა საზღვრები ამ რუკაზე, მოეწერა ხელი საზღვრის გამავლობას და დაამტკიცა სამივე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა. შესაბამისად, მისი განცხადებით, ეს არის სამართლებრივი აქტი. 

ივერი მელაშვილის თქმით, გაუგებარია, რატომ წამოწია პროკურატურამ ეს საკითხი ახლა, საპარლამენტო არჩევნების წინ. 

“მე ადრეც მითქვამს და კიდევ ვიტყვი: თუ ვინმეს სურს რაღაცის გარკვევა, ეს შეიძლება მაგიდასთან, მშვიდ ვითარებაში. თუ ამის შემდეგ რამეს დაადგენ, კი ბატონო, მერე აღძარი საქმე გინდა პროკურატურაში, გინდა სასამართლოში და სადაც გინდა. აქ ყველაფერი აბსოლუტურად უკუღმა დაიწყო".

მელაშვილისთვის გაუგებარია ისიც, რატომ მიმართა პროკურატურას თავდაცვის სამინისტრომ, ვინაიდან სადელიმიტაციო კომისია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით მუშაობს. 

"კომისია მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით. თავდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც სხვა უწყებები, წარმოდგენილები არიან კომისიაში. მათ წვდომა აქვთ ყველა ინფორმაციაზე. ძალიან გასაოცარი და შეურაცხმყოფელია, რომ მე ან კომისიის სხვა წევრი დაადანაშაულოს მიწების სხვისთვის გადაცემაში.

ძალიან დიდი ვარაუდით, ეს ბრალდება აღმოჩნდება ცილისწამება. მე მაქვს ჩემი სიამაყე, ღირსება და არავის მივცემ მისი შებღალვის უფლებას,". - თქვა მან. 

კიდევ ერთმა ბრალდებულმა, ნატალია ილიჩოვამ დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 6 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროს პრეტენზიებს შოკისმომგვრელი უწოდა. 

"თავდაცვის სამინისტროს პრეტენზიები ჩემთვის შოკისმომგვრელია, რადგან ამ ყველაფრის გარკვევა კომისიის შიგნით იყო შესაძლებელი. ჩვენ ასეც ვიქცეოდით. 

აზერბაიჯანთან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ჩვენი საქმე ვიცით. 20 წელია, ამ საქმით ვართ დაკავებული. მიწის თითოეულ სანტიმეტრზე ვიბრძვით. ფეხით შემოვიარეთ მთელი საზღვარი. რომელიმე მათგანს შემოუვლია ფეხით ეგ ტერიტორია, რომ ენახათ, რეალურად სად გადის საზღვარი? ისინი ისეთ დეტალებს გვეკითხებიან, რაც საქმეს საერთოდ არ ეხება. ვინ რა საიდან მოიტანა, ასლი როგორ გადაიღო და სხვა. 

რატომ გამოიყენეთ 1938 წლის რუკაო. იმიტომ, რომ ასეთი კანონია, ჩვენ აზერბაიჯანთან ასე მოვილაპარაკეთ. ეს არის უკანასკნელი კანონიერი საველე დოკუმენტი. ახლა დავა იმაზე მიდის, რომ ამ დოკუმენტის წინა დოკუმენტს დაუბრუნდნენ, რაც ჩვენი სახელმწიფოსთვის სრულიად გამოუსადეგარია. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მოგვიწევს დაბრუნება 1928 წლის იურიდიულ ბაზაზე. ამის თქმა არ გვინდოდა, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიდის". - თქვა ილიჩოვამ ფორმულას ჟურნალისტთან. 

რა უძღოდა წინ მელაშვილის და ილიჩევას დაკავებას 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის საქმიანობის შესახებ გამოძიების დაწყების საკითხი პრორუსულმა პარტიამ, პატრიოტა ალიანსმა 2019 წლის ივნისში მოითხოვა 

“უნდა გავაანალიზოთ ის შეცდომები, რაც სადემარკაციო კომისიამ მთელი ამ წლების განმავლობაში დაუშვა და ეს უბრალოდ შეცდომები არ არის. ჩადენილია დანაშაული. კომისიის მუშაობა მთელი წინა წლების განმავლობაში – რა რუკებით ხელმძღვანელობდნენ, რა პერიმეტრებს და როგორ ათანხმებდნენ, რა მოლაპარაკებები მიჰყავდა ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან  – ეს არის გამოსაძიებელი. მივმართავ პროკურატურას, დაიწყოს სადემარკაციო კომისიის საქმიანობის შემსწავლელი გამოძიება. თუ ეს გამოძიება არ დაიწყება, პარალელურად დავაყენებთ საკითხს, პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია”, - ამბობდა მაშინ ინაშვილი, ნეტგაზეთის ცნობით. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 4 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ მან “ასე 10 დღის წინ ნახა რუკები და იცოდა, რომ იწყებოდა გამოძიება”. 

მისივე თქმით, დავით გარეჯის მოლაპარაკებებში ჯერ კიდევ მაშინ ჩაერთო, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 

“მე ვიყავი ჩართული დავით გარეჯის მოლაპარაკებებში, როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი [2004-2005 წლები]. მაშინ მე და აზერბაიჯანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი შევთანხმდით კომისიის შეხვედრების შემდგომ, რომ ეს საკითხი იყო იმდენად პოლიტიკური, რომ ეს იყო პრეზიდენტების დონეზე განსახილველი”.  

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კი დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის და წევრის მიმართ გამოძიება თავის საკითხს დაუკავშირა და “ხელისუფლების მიერ თითიდან გამოწოვილი, მაგრამ დიდი ხნის წინ მომზადებული პროვოკაცია” უწოდა. 

„ამ დღეებში საქართველოს მთავრობამ გადმოაგდო თითიდან გამოწოვილი, მაგრამ დიდი ხნის წინ მომზადებული პროვოკაცია, რომ თურმე ჩვენ დავით გარეჯი გავყიდეთ, მივეცით აზერბაიჯანელებს და მათ ამაში ფული გადაგვიხადეს. ჯერ ერთი, არაფერი მიგვიცია, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდი გარეჯის საკითხს. ბოლოს ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, რომ მომხდარიყო გარეჯის დაკანონება, რა თქმა უნდა, შესაბამისი გაცვლის ხარჯზე, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, მთელი ეს პერიოდი ნებისმიერ ქართველს შეეძლო ჩვეულებრივად გარეჯში შესვლა, ლოცვა, თუმცა, ივანიშვილის დროს ეს დავკარგეთ. რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილის დროს ჩვენი ურთიერთობები, როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან ისტორიულ მინიმუმზე დაეცა". - თქვა მან ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე 5 ოქტომბერს, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს მომდევნო დღეს გამოაქვეყნა. 

გამოძიების დაწყების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ კომისიის მუშაობას არაერთხელ უწოდა მოღალატეობრივი. 

როგორ ფასდება მელაშვილის და ილიჩევას დაკავება

ენმ-ის წევრი, სალომე სამადაშვილი, ფიქრობს, რომ დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ხელმძღვანელის და წევრის დაკავება ექსპრეზიდენტს და ყოფილ ხელისუფლებას უკავშირდება.

"რეალური მოტივაციაა, დაკავებულმა ადამიანებმა მისცენ ჩვენება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. დაკავებული ექსპერტები პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დევნის მსხვერპლნი არიან", - თქვა მან. 

ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია რუსულ ინტერესებზე ლაპარაკობს. 

“ეს არის საშიში ფაზა წინასაარჩევნოდ, როცა ხელისუფლება პირდაპირ გადადის ძალიან ღიად ბინძურ თამაშებზე და იკვეთება კონკრეტულად რუსეთის ინტერესი, მათ შორის, ირმა ინაშვილის მხრიდან, რომელიც კონკრეტულ განცხადებებს აკეთებდა ამ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით და იღებდა დავალებებს რუსეთიდან, რომელიც არ გამოიძია ამ პროკურატურამ”. - თქვა მან. 

2020 წლის ივლისში რუსი ოპოზიციონერის, მიხეილ ხადარკოვსკის ორგანიზაციამ დოსიე გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ირმა ინაშვილი რუსეთიდან ფინანსდება და დირექტივებსაც ამ ქვეყნიდან იღებს. ელენე ხოშტარიამ პატრიოტთა ალიანსის საქმიანობის გამოძიება მოითხოვა, თუმცა პროკურატურამ თქვა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს. 

საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს კი აბსურდული და საღ აზრს მოკლებული უწოდა. მისი თქმით, მელაშვილი საქართველოს პატრიოტი და პროფესიონალია და იმედი გამოთქვა, რომ "სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება". 

ქართული ოცნების ლიდერებმა, არჩილ თალაკვაძემ და კახა კალაზემ კი თქვეს, რომ მიმდინარე გამოძიება აზერბაიჯანთან საქართველოს ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს და ამ საქმის ამ ჭრილში განხილვა დამაძიანებელია. მათი თქმით, ეს შიდასახელმწიფოებრივი საქმეა, ვინაიდან გამოძიება მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარეობს. 


close დახურვა