პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, მათგან 2 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ორი კი, სპონტანურ სუნთქვაზე.
„ორივე მათგანის მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე, არის დადებითი დინამიკით. ერთი მათგანი არის ბატონი, 47 წლის. ის მოთავსდა ჩვენთან 14 დღის წინ. ზოგადი მდგომარეობა მისი დამძიმების განპირობებული იყო კოვიდ ინფიცირების შედეგად გამოწვეული ორმხრივი მწვავე პნევმონიით, ანამნეზში არის თირკმლის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ამ ეტაპზე პაციენტთან მიღწეულია დადებითი შედეგი, შემცირებულია სუნთქვის უკმარისობის ხარისხის. რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც არის 80 წლის, ის იმყოფება ჩვენს კლინიკაში დაახლოებით 3 კვირაა. მისი მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე და შემოსვლისთანავე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. გუშინწინ მოიხსნა ქალბატონი აპარატიდან. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, გემოდინამიკა შენარჩუნებულია და იმყოფება ჟანგბადის ინჰალაციურ თერაპიაზე.
"რაც შეეხება ორი პაციენტის მდგომარეობას, ერთი მათგანი შემოსული 1 თვეა, მამრობითი სქესის, დაახლოებით 70 წლის. მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის გამოიხატება დადებითი კლინიკური მაჩვენებლით, ვინაიდან იმყოფება გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სპონტანური სუნთქვის ელემენტებით. მეორე ქალბატონი არის 80 წლის. მისი მდგომარეობა სტაბილურია დადებითი კლინიკური მაჩვენებლებით“, - განაცხადა რატიანმა.
კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, დანარჩენ პაციენტებთან, მათ შორის 2 ორსულთან არანაირი გართულება არ შეინიშნება.
„დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში. დგინდება, რომ არცერთ მათგანთან ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ არის გამოვლენილი. გვყავს ორი ორსული. მათთან არანაირი კლინიკური პათოლოგია არ ვლინდება როგორც ნაყოფის ასევე დედის. დღეს კლინიკიდან ეწერება სამი პაციენტი. გაგზავნილია რამოდენიმე ანალიზი ლუგარში და პასუხს ველოდებით. თუ იქნება უარყოფითი პასუხი ისინი დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.