logo
ENG



რესპუბლიკურის ექიმები დირექტორის გათავისუფლებას და ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ

29 მარ 202312:07
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს.

ექიმები ღარიბაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ კლინიკასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრთან სწორი ინფორმაცია არ მოდის. 

გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, გათავისუფლდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი და კლინიკის რეაბილიტაცია მოხდეს თანამშრომლების სრული და უპირობო შენარჩუნებით.

"17 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის მიერ ტელეეთერებიდან გავრცელდა ინფორმაცია კლინიკის დანგრევის აუცილებლობის შესახებ. განცხადებას წინ უძღოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების მიმართ არნახული და ბინძური დისკრედიტაციის არაერთი მცდელობა. ეს ის კლინიკაა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას და დაარსების დღიდან დგას ხალხის სამსახურში. თავგანწირვით და ღირსეულად ემსახურება თავის ქვეყანას და თავის მოქალაქეებს. აღნიშნულს მალევე მოჰყვა ზემოთ ხსენებულ განცხადება, რომ კლინიკა არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და უნდა დაინგრეს. თუმცა არსებობს სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული კლინიკის რეაბილიტაციის პროექტი.

ჩვენი მოთხოვნაა, პირველი -ვითხოვთ დაუბრუნდეთ რეაბილიტაციის თავდაპირველ გეგმას, არსებული პროექტით, რომელიც ითვალისწინებს კლინიკის რეაბილიტაციას მუშაობის უწყვეტობის პირობებში, აგრეთვე ნებისმიერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების პროცესში, არსებული პერსონალის სრულ და უპირობო შენარჩუნებას.

მეორე - ვინაიდან კლინიკის მოქმედი დირექტორი, არ გამოხატავს კლინიკის ინტერესებს, ეწევა მის დისკრედიტაციას და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მოვითხოვთ გაათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან,

მესამე- პრემიერმინისტრის ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან არ მიდის სწორი ინფორმაცია. ამიტომ, საკითხით საბოლოო დაზუსტების მიზნით, ვითხოვთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას"- აცხადებენ ექიმები.

22 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლებმა ღია წერილში აღნიშნეს, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში "არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართული ტყუილები" ვრცელდება. ღარიბაშვილის თქმით, "სახელმწიფოს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო". მისივე თქმით, "არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე".

რამდენიმე დღეა კლინიკის მედპერსონალი საავადმყოფოს შენობაში აქციებს მართავს.

 


close დახურვა