ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების შესახებ ევროკომისიის შუალედური მოხსენების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შვედეთის ევროპის მინისტრმა, ჯესიკა როსვალმა განაცხადა, რომ საქართველოს რეკომენდაციების შესრულების კუთხით "რაღაც პროგრესი აქვს", მაგრამ "გარკვეული სამუშაოები კვლავ ჩასატარებელია".
როსვალის თქმით, ევროკავშირმა საქართველოს უნდა გაუგზავნოს ერთობლივი გზავნილი, რომ მას სჭირდება რეფორმები.
"იყო, რა თქმა უნდა, რაღაც პროგრესი, მაგრამ საქართველოს კვლავ აქვს გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი და ერთიანი გზავნილი უნდა გავუგზავნოთ საქართველოს, რომ მას სჭირდება მომავალი რეფორმები" - განაცხადა ჯესიკა როსვალმა.
რაც შეეხება უკრაინას, როსვალის თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში მისი პროგრესი შთამბეჭდავია, განსაკუთრებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ფონზე. მისი თქმით, უკრაინამ მიიღო ახალი კანონები სასამართლო სისტემაში და კორუფციის წინააღმდეგ.
მისი თქმით, მოლდოვასაც ჰქონდა პროგრესი მითუმეტეს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე და რომ "არ არის ეჭვი", რომ მოლდოვა აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ.
"საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ვფიქრობთ, რომ შეისწავლიან იმ რეკომენდაციებს, რაც ჩვენ მივეცით, რომ შემოდგომაზე გაფართოების გეგმასთან თანხვედრაში იყონ" - განაცხადა შვედეთის ევროპის მინისტრმა.
21 ივნისს გამოცემა EURACTIV-მა მოიპოვა ევროკომისიის ანგარიში, რომელსაც ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედური ზეპირი მოხსენებისას წარადგენდნენ.
გამოცემის თქმით, ევროკომისიის ამ მოხსენების ტექსტის მიხედვით, მოლდოვას და უკრაინას რეფორმების კუთხით კარგი პროგრესი აქვთ და მოსალოდნელია, რომ რეფორმებზე მუშაობას ისინი მომდევნო თვეებში დაასრულებენ. საქართველოს შემთხვევაში კი "მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო" ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
გამოცემის ცნობით, ამ ანგარიშში წერია, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციიდან სრულად 3 შეასრულა: გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, სახალხო დამცველის დანიშვნა და საქართველომ ასევე გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
EURACTIV-ის თქმით, ევროკომისიის მოხსენებაში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს მოსთხოვენ დარჩენილ პერიოდში კონცენტრირდეს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე და დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლებისადმი უფრო სისტემურ და არა პიროვნებებზე დაფუძნებულ მიდგომაზე.
ევროკომისიის შუალედური მოხსენება იყო ზეპირი და არა წერილობითი ანგარიში. მისი მიზანია ევროკავშირის წევრობის მსურველ 3 ქვეყანას მიუთითოს იმ სფეროებზე, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციონ ოქტომბერში დაგეგმილი ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ბლოკის გაფართოების მიმოხილვამდე.
მომხსენებელი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარი ოლივერ ვარჰეი იყო, რომელმაც ზეპირი ანგარიში ევროკავშირის 27 ქვეყნის ელჩებს ბრიუსელში 21 ივნისს, 22 ივნისს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს სტოკჰოლმში წარუდგინა. გარდა ამისა, სამივე ქვეყანა ცალ-ცალკე მიიღებს განახლებების შესახებ ინფორმაციას.