logo
ENG



რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ჯარების გაზრდის გადაწყვეტილებას დესტრუქციულს უწოდებს

03 თებ 202215:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/03/4spgxptqi1ktbjk.jpg

რუსეთმა აშშ-ის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ჯარების გაგზავნაზე დესტრუქციული ნაბიჯი უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილება 2000-ზე მეტი სამხედრო გაგზავნოს გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში ხელს უშლის უკრაინასთან კომპრომისის მიღწევას.

უკრაინის გარშემო არსებულ კრიზისთან დაკავშირებით, აშშ გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტიგენტს ზრდის, 2000 ამერიკელ ჯარისკაცს უახლოეს დღეებში გერმანიასა და პოლონეთში გააგზავნიან. აშშ-ის შეიარაღებული ძალების 8500 ჯარისკაცი უკრაინაში გადასასხმელად კვლავ მზადყოფნაშია.

პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი ამბობს, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება მოითხოვს, რომ გაძლიერდეს შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიცია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.

***

რამდენიმე თვეა უკრაინის საზღვართან კვლავ რჩება ასი ათასამდე რუსი ჯარისკაცი. კიევი და დასავლური სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი შეჭრისთვის ემზადება.

26 იანვარს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აშშ-მ და NATO-მ რუსეთს წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი ცნობილი არაა. ე.წ. უსაფრთხოების გარანტიები, რომელზეც მოსკოვი აპელირებს, აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოების შეჩერებას გულისხმობს, რასაც დასავლეთი არ იზიარებს. 

რუსეთმა აშშ-სა და NATO პირობები წაუყენა, რომ ალიანსმა უარი თქვას ახალი წევრების მიღებაზე, პირველ რიგში ეს ეხება უკრაინას. ასევე, არ განათავსოს ჯარები ქვეყნებში, რომელიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ წევრები. 

სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პასუხში უკან არ დაუხევიათ NATO-ს პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკას ეხება. წერილში, ასევე, ჩამოთვლილია ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სა და მისი მოკავშირეების შეთავაზებები, მათ შორის საუბარია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვაზე ახალი ხელშეკრულების შესახებ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, პასუხის მომზადებისას მოკავშირეებმა მათი პოზიციებიც გაითვალისწინეს. 

გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთს მოუსმინონ. ამავე დროს კი მოუწოდა მოსკოვს, რომ თავისი ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან. 

რუსეთში აცხადებენ, რომ NATO-სა და აშშ-ს წერილებს სწავლობენ, მომდევნო ნაბიჯებს კი პრეზიდენტი პუტინი განსაზღვრავს. 


close დახურვა