logo
ENG



რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ჯარმა ხერსონი სრულად დატოვა

11 ნოე 202215:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/11/1p4hi6df614ug87.jpg
რუსები ხერსონს ტოვებენ
სქრინი პროპაგანდისტების ვიდეოდან

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულმა ჯარმა სრულად დატოვა ხერსონი და დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადავიდა.

უწყებაში ამბობენ, რომ ხერსონის დატოვებისას ჯარს დანაკარგი არ განუცდია.

"დნიპროს მარცხენა სანაპიროზე გადასვლისას სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების არც ერთი ერთეული არ დატოვილა მარჯვენ სანაპიროზე, ყველა სამხედო გადავიდა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, ჯარს არ განუცდია პირადი დანაკლისი, ისევე როგორც ტექნიკური", - ამბობენ რუსეთის თავდაცვაში.

მათივე თქმით, ჯარის გაყვანა ხერსონიდან დღეს, დილის 05:00 საათზე დასრულდა.

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.

მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებდა და ვერც უარყოფდა ინფორმაციას ხერსონიდან რუსული ძალების გასვლის შესახებ. მისივე თქმით, შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას გეგმის მიხედვით.

10 ნოემბერს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რუსეთის ოკუპაციისგან 41 დასახლება გაათავისუფლეს. 10 ნოემბერსვე უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაევის ოლქი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 10 ნოემბრის განმავლობაში უკრაინამ ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში ჯამში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

11 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ ხერსონში ანტონოვსკის ხიდის რამდენიმე ბილიკი, სვეტებს შორის მონაკვეთი აფეთქების შედეგად ჩაინგრა. Komsomolskaya Pravda-ს ჟურნალისტი, ალექსანდრ კოცი გადაღებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ხიდი სავარაუდოდ მაშინ აფეთქდა, როცა რუსები მდინარის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადადიოდნენ. ამავე დღეს, UNIAN-მა დაწერა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი არ მიიჩნევს, რომ ხერსონიდან ჯარების გაყვანა პუტინის პრესტიჟისთვის დარტყმაა. ამავდროულად, მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს ხერსონის თავის ტერიტორიად განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ ჯარები გაყვანილია დნიპროს მარცხენა სანაპიროზე.

 

 

 

 

 

 


close დახურვა