რუსეთის სხვადასხვა ქალაქში დააკავეს ასობით ადამიანი, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ.
დაკავებულთა რიცხვი 500-ს აღემატება.
100-მდე ადამიანი მხოლოდ სანკტ-პეტერბურგშია დაკავებული.
გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანს, რომ პეტერბურგში პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს ხელკეტებს. ისმის დემონსტრანტების ხმა, რომლებიც სკანდირებენ - "არა მობილიზაციას".
მოსკოვში გადაღებულ ვიდეოებზე პოლიციელები აკავებენ აქციაზე გამოსულ ადამიანებს.
მოსკოვში დააკავეს ერთი ადამიანი, დემონსტრანტებმა მისი დაკავება გატაცებად შეაფასეს. გავრცელებულ ვიდეოებში ისმის შეძახილები - "გამოუშვი".
ეკატერინბურგში გადაღებული ვიდეოს მიხედვით, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებაც მოხდა.
მთლიანობაში, ამ დროის ინფორმაციით, მობილიზაციის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები დააკავეს ირკუტსკსა და კრასნოიარსკში, ეკატერინბურგში, ჩელიაბინსკში, ნოვოსიბირსკში, ულან-უდეში, ტომსკში, უფაში, პერმში, ბელგოროდსა და მოსკოვში.
ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და ეს "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია.