logo
ENG



სააკაშვილი: საქართველოსა და უკრაინაში ძალიან დიდი გაჭირვების ტალღა მოდის

13 მაი 202021:16
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მხიეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ამჟამინდელ თანამდებობაზე დანიშვნა უკრაინის ხელისუფლებისთვის ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა.

სააკაშვილის თქმით, კრიზისი დიდი გამოწვევაა და რეფორმების დიდი შესაძლებლობა - სწორედ ამის იმედი აქვს მას ახალ თანამდებობაზე მუშაობისას.

„საქართველოში რატომ მოხერხდა რეფორმები? იმიტომ, რომ საქართველოში იმდენად ცუდად იყო საქმე, იმდენად მომსპარი იყო ყველაფერი, რომ უბრალოდ, საბოლოო ჯამში, ეს პაციენტიც იმდენად სასოწარკვეთილი იყო და ვეღარც ინძრეოდა, სხვა გამოსავალი არც იყო. უკრაინაში, შორეულ წარსულამდე, ასე თუ ისე, ყველაფერი დალაგებული იყო.

ახლა გაჭირდა ძალიან, ახლა გაღარიბდა უკრაინა. ახლა მოდის კიდევ დიდი კრიზისი. პოტსაბჭოთა ქვეყნებში... მთელს მსოფლიოშია ეს პრობლემები, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში, უკრაინაში და ასეთ ქვეყნებში ძალიან დიდი გაჭირვების ტალღა მოდის. ძალიან დიდი უბედურება მოდის ჩვენს ხალხებზე, თითეულ ოჯახზე. ახლა კარანტინიდან გამოვა ხალხი, 2-3 კვირაში მიხარჯავს-მოხარჯავს ფულს, რაც დარჩევნია. მერე აღმოაჩენს, რომ ფული აღარ არის, აღმოაჩენს, რომ სამუშაო ადგილებიც აღარ არის. უცხოეთში წასასვლელიც აღარაა. აღმოჩნდებიან თავის გაჭირვებასთან 1-1-ზე. ასეთ პირობებში კრიზისი კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა სერიოზული რეფორმების. ამის იმედი მაქვს მე. ძალიან კარგად რომ ჰქონდეთ საქმე, მე ხომ არ დამიძახებდნენ? ჩემი დანიშვნა ხომ არ იყო ასე ადვილი, აქ ხომ ძალიან დიდი ძალები აფუთფუთდა. შარვლიდან ამოხტა რუსეთის მთელი პროპაგანდისტული მანქანა“, - განაცხადა სააკაშივლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს, თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ის შეცდომად შეაფასა.


close დახურვა