logo
ENG



სააკაშვილის ექიმი: საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება, პოსტტრავმული სინდრომი აქვს

21 ნოე 202121:52
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილის ექიმი: საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება, პოსტტრავმული სინდრომი აქვს

მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო ჯგუფის შემადგენლობაში ფსიქოლოგის და ფსიქიატრის დამატებაა საჭირო.

როგორც ყიფშიძემ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში თავს ბევრად უკეთ გრძნობს, ვიდრე ციხის საავადმყოფოში. ამასთან, მისივე თქმით, საფრთხეები კიდევ არსებობს. 

"მგონია, რომ საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რომ გავაგრძელოთ, ასე თუ ისე, მკურნალობა მისი. გორის ჰოსპიტალში უფრო მშვიდად არის, რასაკვირველია. მადლობას უხდის კიდევ ერთხელ გორის ჰოსპიტალის სტაფს - მთავარ ექიმს, მკურნალ ექიმს და ა.შ. დიდი განსხვავებაა ახლა ამას და გლდანს შორის, მაგრამ, საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა. როგორც გუშინ გითხარით, თავისუფალი მკურნალობა ერთია და სხვანაირი მკურნალობა სხვა არის... 

პოსტტრავმული სინდრომი არის ჭამის თავიდან დაწყება, არის გაცილებით რთული და მძიმე დაავადება, რომელიც საჭიროებს თავისებურ მკურნალობას, სჭირდება რეაბილიტაცია ფსიქოლოგების და ფსიქიატრების. საფრთხეები კიდევ არსებობს. ვერ გეტყვით, რომ საფრთხეებმა გაიარა და ყველაფერი კარგად არის", - ამბობს ყიფშიძე. 

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ბადრაგი სააკასვილს ფანჯრის გაღების დაშუალებას არ აძლევდა, ექიმმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს უნდოდა ისეთივე ფანჯრის დამონტაჟება, როგორიც ციხის საავადმყოფოში ჰქონდა. ყიფშიძე ამბობს, რომ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. 

"დღეს მე შევხვდი ბადრაგს, შევხვდი სამხედროებს, შევხვდი ჰოსპიტლის ადმინისტრაციას, შემდეგ ყველა ერთად შევედით ბატონ პრეზიდენტთან და ეს ამბავი, მე მგონი, დამთავრდა და აღარ იქნება ასეთი ინციდენტები. მოგახსენებთ, რომ ახლა თვითონ ფანჯარა ნორმალურია, მაგრამ უნდოდა დაყენება, რამდენადაც მე ვიცი, ისეთივე ფანჯრის, როგორიც გლდანის ციხეში ჰქონდა, რომელიც იხსნება დაახლოებით ერთი სანტიმეტრით. პრეზიდენტს, იმის გამო, რომ ვერ დადის და ვერ გადაადგილდება, სჭირდება მზის სხივები, მზის სინათლე და ამაზე იყო დიდი გართულებები, მაგრამ, ახლა ეს პრობლემა გადაწყდა", - განაცხადა ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა.

გარდა ამისა, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, სააკაშვილმა სთხოვა ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მასთან მისვლა.

მიხეილ სააკაშვილი გორში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის დათანხმდა იუსტიციის სამინისტროდან შიმშილობის 50–ე დღეს მიღებულ შეთავაზებას სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე.

 
 
 

close დახურვა