logo
ENG



სააკაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა

14 დეკ 202212:24
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესის გადადება 1 თვით ითხოვა.

სასამართლოში სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკა აბრამიშვილმა თქვა, რომ დამატებითი სამედიცინო დოკუმენტაცია მიიღეს, რომლის გასაცნობადაც "გონივრული ვადა" სჭირდებათ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სამედიცინო დოკუმენტების დიდი ნაწილი, რომელიც პენიტენციურმა მიიღო, მათ მიერვე არის მოწოდებული და შემდგომში უკან დაბრუნებული. ამიტომაც ის არაგონივრულად მიიჩნევს, დოკუმენტების გაცნობის ერთთვიან ვადას. ამავე დროს, მან მოითხოვა და დააყენა საკნიდან და პალატიდან ვიდეოკადრების გამოთხოვის შუამდგომლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. არსებობდა მოლოდინი, რომ სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრებოდა. თუმცა სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ჩართვა არ იქნებოდა. 

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ექსპრეზიდენტი პროცესზე ჩართოს.

რაც შეეხება, ვივამედს, მოსამართლემ სხდომამდე მათი პოზიციაც წაიკითხა - კლინიკაში აცხადებენ, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.

როგორც მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კლინიკაში ამისთვის ყველაფერი მზად იყო და მხოლოდ პენიტენციურის პასუხს ელოდებოდნენ. ამის შესახებ ისაუბრა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემაც და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად დასასწრებად მზად იყო.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით "გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი" და ამტკიცებდა, რომ ამის ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. როგორც ბრეგაძე ამბობდა, იმ შემთხვევაში, თუ "არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები", იძულებული გახდებიან გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რასა იუკნევიჩიენემ მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საკითხი მათ სინდისზე არ იყოს. ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა გაიაროს.


close დახურვა