logo
ENG



საგარეო: ამ დროისთვის, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

07 ოქტ 202315:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/8mfcl26jv48c523.jpg
Ilan Rosenberg/Reuters

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან - მათი თქმით, აგრძელებენ კონტაქტს მოქალაქეებთან.

"საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან", - ამბობენ საგარეოში.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტაც დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს".

ისრაელის საგანგებო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, 500-ზე მეტი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. 


close დახურვა