საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაცია ხვალ გაგრძელდება.
მისივე თქმით, მხარეებს შორის მოხდა პოზიციების დაახლოება და ისინი შეთანხმდნენ, რომ ამნისტია არ შეეხება იმ პირებს, ვისი პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე
"არის საკითხები, სადაც პოზიციები დავაახლოვეთ. სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ეს ამნისტია ვერ დაიცავს ვერავის, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე და შესაბამისად ვერ დაიცავს იმ ადამიანებს, ვინც ამის ბრძანება გასცა. მინდა ვთქვა გასაგებად, რომ ის ადამიანები ვინც არიან დასახიჩრებული, მათ დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ ადამიანებს ეს ამნისტია ვერ დაიცავს. ეს არის ქართული ოცნების პოზიციაც...
ხვალ იწყება შეთანხმების შესრულება. ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და გიორგი რურუას შეწყალების სახით გადაიდგმება პირველი ნაბიჯი შეთანხმების შესრულებისთვის. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ამაზე ხვალ კიდევ ერთხელ გაგრძელდება კონსულტაციები", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
მელია გირაოს გადახდაზე აქამდე უარს ამბობდა, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.