logo
ENG



სამადაშვილი: მალე ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადატვირთვა დაიწყება

13 ნოე 202116:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/13/hv9x8ai2kd7jfuz.png

ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში დაიწყება სერიოზული პროცესები, რაც გულისხმობს პოლიტიკის გადატვირთვას საქართველოსთან მიმართებაში. 

ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პარტიის წევრებმა, მათ შორის, მოშიმშილე ელენე ხოშტარიამ პარლამენტში მას შემდეგ გააკეთეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრა. 

"უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა. მათ ექნებათ მისია, გააკონტროლონ და შეამოწმონ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში. ისინი კვლავ მოითხოვენ მასთან შეხვედრას, მაგრამ არა მხოლოდ. 

ამ ვიზიტის მისია იქნება საქართველის ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყება იმაზე, რომ ღიად განაცხადონ, რა არის მათი არჩევანი - არის ეს ქვეყნის საბოლოოდ შემობრუნება რუსეთის მიმართულებით თუ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა - ევროატლანტიკური მომავალი. 

ასევე, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ევროპარლამენტარებთან. უახლოეს მომავალში ევროპარლამენტში დაიწყება ძალიან სერიოზული პროცესები, რაც გულისხმობს პოლიტიკის გადატვირთვას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში". - თქვა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე. 

მისივე შეფასებით, ანა ფოტიგასთვის თხოვნაზე უარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ "ღიად და აშკარად შეაქცია ზურგი ევროპას და საქართველოს საუკეთესო მეგობრებს ევროპაში". 

სალომე სამადაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, სოციალური ქსელებით მადლობა გადაუხადონ ანა ფოტიგას მეგობრობისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო. 

პოლონელი ევროპარლამენტარი საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოფრინდა. როგორც თავად თქვა, მიზანი მიხეილ სააკაშვილითან დაკავშირებით ვითარების გაცნობა და შეფასება იყო. 

დღეს, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსგან ციხეში შესვლაზე უარი მიიღო

სამინისტროს უარის წერილი, რომელიც როგორც ფოტიგამ, ასევე ლიეტუვის სიემის 2-მა წევრმა მიიღო, ჟიგიმანტას პავილიონისმა გამოაქვეყნა

მასში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტრო ციხეში ვიზიტზე უარს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობითა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებით ხსნის. უწყება აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის სააკაშვილის მონახულება მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით დაშვებული ვიზიტორებისთვისაა შესაძლებელი. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 44-ე დღეა. 

8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს. 

გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.

ექიმების და ენმ-ის წევრების განცხადებით, ციხის დაწესებულება არ არის საავადმყოფო და იქ არ არის სამედიცინო აღჭურვილობა. როგორც ეკა ხერხეულიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრები მაშინ, როცა ის საკნის ფანჯარას აღებს და ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის. 


close დახურვა