პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის ტანახმადაც მელია მზად არის დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.
როგორც სამადაშვილმა ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, მელიას გათავისუფლების შემთხვევაში მხარეები შეძლებენ ამნისტიის კანონზე უფრო საფუძვლიანად იმსჯელონ.
"გირაოს გადახდას რაც შეეხება, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე რომ არის თანხმობა ხელისუფლების მხრიდან ჩვენ ეს ვიცით. თუ ამ შუამდგომლობით შევა პროკურატურა სასამართლოში და ამ გირაოს გადაიხდის ევროკავშირი, შესაბამისად ნიკას მოეცემა შესაძლებლობა რომ საპატიმრო დატოვოს. რაც შეეხება ამნისტიას, ვფიქრობ, რომ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ უფრო საფუძვლიანად, მათ შორის ნიკას მონაწილეობით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა. ის ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას მიმართავს, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და მზადაა, დათანხმდეს ევროკავშირის შეთავაზებულ გირაოს.
20 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შარლ მიშელთან ვახშმის შემდეგ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტში ამნისტიის კანონის რეგისტრაცია მოხდება, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეიწყალებს.
დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც.
მელია გირაოს გადახდაზე აქამდე უარს ამბობდა, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს.
ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები.
ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.