logo
ENG



საპატრიარქო: ილია ll-სა და პრემიერს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილს არ ეხებოდა

16 მაი 202222:54
3 წუთის საკითხავი
 
საპატრიარქო: ილია ll-სა და პრემიერს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილს არ ეხებოდა
ფოტო: ვახო ქარელი

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს ინფორმაციას, რომ ილია მეორემ და პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრისას მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრეს.

"გუშინ, 2022 წლის 15 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის შედეგი.

საქართველოს საპატრიარქო მოხარულია, რომ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თუმცა დავძენთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ამ საკითხს არ ეხებოდა და, ამდენად, ეს შეხვედრა არ გამხდარა ზემოაღნიშნულის მიზეზი", - წერია განცხადებაში.

გუშინ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ირაკლი ღარიბაშვილის პატრიარქთან შეხვედრის შედეგია. მისი თქმით, "ამისთვის ყველა მადლიერი უნდა იყოს".

სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა ვივამედში 12 მაისს გადაიყვანეს.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა.

სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი, რაც, სავარაუდოდ, გამოწვეულია რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, რამაც საბოლოო შედეგად დააყენა ანორექსია. კონსილიუმის დასკვნით, საჭიროა ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.  


close დახურვა