logo
ENG



სასამართლომ 14 წლის გოგოს ბაბუას პატიმრობა შეუფარდა

17 თებ 202115:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/17/n6fzhmcc0aw4c7g.jpg

სასამართლომ 14 წლის გოგოს ბაბუას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. 

ის ჩვენებაში ამბობს, რომ მისმა შვილიშვილმა "ოჯახის ღირსება შეარცხვინა" და ამიტომ იძალადა მასზე. ბრალის დადგენილება მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე წაიკითხა. 

კაცი შვილიშვილზე მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 15 თებერვალს დააკავეს.

ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. 

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე, 23 წლის კაცი გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.

თურქეთიდან დაბრუნებულმა მოზარდის დედამ ფორმულასთან შვილის თვითმკვლელობის გარშემო არსებულ მძიმე გარემოებებზე ისაუბრა. 

გარდაცვლილის დედის თქმით, საქმეზე დაკავებული პირის მხრიდან მის შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემდეგ, 14 წლის მოზარდს უკიდურესად შევიწროვებულ და ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა. მისივე მონათხრობით, ნათესავებმა გოგოს "უმოწყალოდ სცემეს".

მისი თქმით, 14 წლის ქალიშვილის მდგომარეობის შესახებ სრულად იყო ინფორმირებული სოციალური მუშაკიც, რომელმაც მძიმე ემოციური და ფიზიკური გარემოებების მიუხედავად, მოზარდისთვის ფსიქოლოგის მეთვალყურეობა არ უზრუნველყო. 


close დახურვა