logo
ENG



სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა

24 აგვ 202014:49
3 წუთის საკითხავი
 
wvcnr66hyibb7oj.jpg

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულთა უფლებადამცველები აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას ითხოვდნენ. 

11-ვე დაკავებულს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედება. 

დაკავებულთა წინასასამართლო სხდომა 14 სექტემბერს გაიმართება. 

აღსანიშნავია, 20 ივლისს პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვა. გადადების მოთხოვნა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვერ გავრცელდა დაკავებულ 6 არასრულწლოვანზე. 11 სრულწლოვნის საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად, რომელთა წინასასამართლო სხდომა, გადადებული ვადით, აგვისტოს ბოლომდე უნდა გამართულიყო. ეს ნიშნავს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის დამძიმებაში პროკურატურა დროში შეზღუდული აღარ იქნება.

შესაბამისად, სრულწლოვნებისა და არასრულწლოვნების საქმეების ცალ-ცალკე წარმოების გარდა, ცალკე წარიმართება უშუალოდ განზრახ მკვლელობის საქმე, რომელსაც ამ ეტაპზე ბრალდებული არ ჰყავს. 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.


close დახურვა