თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა ჩატარდება. როგორც ცნობილია, მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტი დღევანდელ სხდომაზე სიტყვის წარმოთქმის უფლებით ისარგებლებს.
სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები შეკრებას გეგმავენ.
დაკავებული აქტივისტი, ლაზარე გრიგორიადისი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს, გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართოს.
ფორმულასთან საუბრისას ლაზარე გრიგორიადისის დედამ თამთა კალანდაძემ თქვა, რომ "დიდი მოლოდინი არ აქვთ, მაგრამ ფიქრობს, რომ ლაზარეს ეს სასამართლო არ გაამართლებს".
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული".
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.