თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გრძელდება. პროცესს ბრალდებულიც ესწრება. დღევანდელ სხდომაზე ორი მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლის, რომელიც რურუას დაკავებასა და ჩხრეკაში მონაწილეობდა.
მოწმე ბექა მახარაძე ამ წუთებში აძლევს სასამართლოზე ჩვენებას. მან უკვე უპასუხა პროკურატურის შეკითხვებს და ახლა უკვე დაცვის მხარე სხვამს კითხვებს თუ რა მდგომარეობაში მოხდა გიორგი რურუას დაკავება და მისი ჩხრეკა. მოწმემ უკვე მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია, რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია და გიორგი რურუას ჰქონდა იარაღი.
სწორედ ბექა მახარაძემ ჩაატარა ჩხრეკა და როგორც ის ამბობს, რურუას იარაღი მარცხენა მხარეს, წელის არეში ჰქონდა. მოწმემ განაცხადა, რომ დაკავების ოქმი პოლიციის განყოფილებაში შედგა. სწორედ ამ მოწმის ჩვენებაზეა დამოკიდებული, დადგება თუ არა კიდევ ერთხელ გიორგი რურუას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების საკითხი.
როგორც რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ბექა მახარაძე არის პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაუდო იარაღი რურუას.
„დღეს დაიკითხება პოლიციის თანამშრომელი ბექა მახარაძე. ეს არის პირი, რომელმაც უშუალოდ ჩაუდო იარაღი გიორგი რურუას. ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე. დღეს ჩვენი პოზიცია იქნება, რომ გამოვააშკარაოთ მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ზოგადად, ბრალდების მხარის მიერ ჩადენილი დანაშაული, კერძოდ, საქმის გაყალბება, რომლის გამოც, გიორგი რურუა ექვს თვეზე მეტი პატიმრობაში იმყოფება. იმის და მიხედვით თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ბექა მახარაძის დაკითხვა, შესაძლებელი დაიკითხოს ერთ-ერთი ექსპერტი. ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი აღკვეთი ღონისძიების შუამდგომლობის დაყენების საკითხი“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას სასამართლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. მისი გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა - პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებას გამოეხმაურა. როგორც მაკკალისტერმა აღნიშნა, 15 მაისს პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა მისივე თქმით ასევე მნიშვნელოვანია გიორგი რურუას გათავისუფლება.
შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი ასევე ავრცელებენ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ელიან რურუას გათავისუფლებას.
8 მარტის შეთანხმება: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, 8 მარტს შედგა.
მიუხედავად ოპოზიციის, სენატორებისა და ევროპარლამენტარის მოწოდებისა, მმართველი გუნდი არ აღიარებს, რომ შეთანხმებაში პატიმრების შეწყალებაზე იყო საუბარი და აცხადებს, რომ ზოგადად, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.