logo
ENG



სტრატეგია აღმაშენებელი: დღეს ისევ ვნახეთ ხელისუფლების მიერ წაქეზებული, ორგანიზებული ძალადობა

08 ივლ 202321:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/08/trtywo089qt8y97.png

სტრატეგია აღმაშენებელი ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისი პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება და აღნიშნავს, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული ძალადობა.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, "სტრატეგია აღმაშენებელი გმობს ყოველგვარ ძალადობას და მიაჩნია, რომ ხელისუფლების უპირველესი ვალდებულება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და უსაფრთხოების დაცვაა, რასაც სამწუხაროდ არათუ არ აკეთებს ქართული ოცნება არამედ თავად არის მოძალადე".

"სამწუხაროდ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული ძალადობა, რაც კიდევ ერთი უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ხელისუფლება რუსული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, რადგან მსგავსი ქმედებები და გამოგონილ საფრთხეებთან ბრძოლა სწორედაც რომ რუსული ხელწერის ზუსტი ასლია. უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ ყოველ დღე უფრო და უფრო დაგვაახლოვონ და დაგვამსგავსონ რუსეთს.

სწორედ ამიტომ, საერთო ძალებით რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ რუსული ხელისუფლება საქართველოში და დავუბრუნდეთ ევროპულ კურსს, სადაც ყველა მოქალაქის უფლება და უსაფრთხოება იქნება კანონით გათვალისწინებული და დაცული. ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება მართალსარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ. არა ძალადობას! ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!", - ნათქვამია განცხადებაში.

***

დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.

ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.


close დახურვა