მარტის აქციების შემდეგ დაკავებულმა აქტივისტმა, ლაზარე გრიგორიადისმა სხდომაზე განცხადების გაკეთება მოითხოვა, თუმცა მოსამართლე ზვიად შარაძემ უარი უთხრა. მიზეზად ის დასახელდა, რომ გრიგორიადისმა სიტყვა პროცესის დასრულების შემდეგ მოითხოვა.
დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროკურატურამ წარადგინა სახანძრო-ტექნიკური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა. პროკურორის თქმით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი სწორედ ნავთობპროდუქტებისგან მზადდება, ამიტომ მისი განცხადებით, დასკვნა ბრალდებასთან პირდაპირ კავშირშია - დაცვის მხარე ექსპერტიზის დასკვნას არ დაეთანხმა და მას უნდობლობა გამოუცხადა.
31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.
ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.