შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციით, 112-ში ჩხუბის შესახებ მოქალაქემ დარეკა, ხოლო ადგილზე მისულ პოლიციას "ტვ პირველის" ჟურნალისტი დახვდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ჟურნალისტმა სამართალდამცველებს განუმარტა, რომ მან გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ექსპერიმენტი ჩაატარა.
"შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი. რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს", - წერია განცხადებაში.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.