logo
ENG



უკრაინა ადასტურებს, რომ დონეცკის ქალაქი ლიმანი სრულად თავისუფალია

01 ოქტ 202223:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/02/tve0hb8w31hzv06.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა კირილო ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ უკრაინამ სრულად გაათავისუფლა ლიმანი.

ტიმოშენკომ საკუთარ ტელეგრამ არხზე დადო ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედროები ლიმანის ცენტრში დგანან და ქალაქში აღმართულ რუსულ დროშებს ძირს ყრიან.

გავრცელებულ ვიდეოში უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ლიმანი 81-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადამ, ეროვნული გვარდიის დანაყოფებთან და კულჩიცკის პოლიციის ბატალიონთან ერთად დაიბრუნა და ახლა სრულად აკონტროლებს.

„დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები, კონკრეტულად 81-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადამ, ეროვნული გვარდიის დანაყოფებთან და კულჩიცკის პოლიციის ბატალიონთან ერთად გაათავისუფლა და აიღო კონტროლი დონეცკის რეგიონის ლიმანზე. რაშისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს მიწაზე ცოცხლები ვერ დარჩებიან“ - ნათქვამია ვიდეოში.

დღეს 1-ლ ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა ლიმანი დატოვეს.

რუსეთის თქმით, სამხედროების გამოყვანა "ალყის საფრთხის გამო" მოხდა და რუსულმა ძალებმა "უკეთესი პოზიციებისკენ გადაინაცვლეს".

 

უკრაინამ ქალაქი ლიმანი პუტინის მიერ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადების მომდევნო დღეს დაიბრუნა. რუსეთის მიერ ანექსირებულ რეგიონებს შორისაა დონეცკიც, სადაც ლიმანი მდებარეობს.

რუსეთი ლიმანს იყენებდა როგორც ლოჯისტიკურ და სატრასნპორტო ჰაბს დონეცკის ჩრდილოეთ რეგიონში ოპერაციებისთვის. ლიმანის დაკავება უკრაინისთვის უდიდესი საბრძოლო მონაპოვარია ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთში გასულ თვეში კონტრშეტევის შემდეგ.

უკრაინის აღმოსავლეთის ჯგუფის ძალების სპიკერის, სერჰიი ჩერევატის ცნობით, მანამდე უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 1-ლ ოქტომბერს უკრაინელები სტავკიში შევიდნენ, სოფელში, რომელიც ლიმანის მეზობლად მდებარეობს.

უკრაინის ჯარი აცხადებს, რომ ლიმანის დაკავება კიევს მისცემს შესაძლებლობას ლუჰანსკის რეგიონში დაწინაურდეს. ლუჰანსკის სრულად დაკავება კი მოსკოვმა ივლისის დასაწყისში, რამდენიმე წარმატების შემდეგ გამოაცხადა.

„ლიმანი მნიშვნელოვანია, რადგან ეს მომდევნო ნაბიჯია უკრაინის დონბასის გათავისუფლებისკენ. ეს არის შესაძლებლობა, რომ უფრო ღრმად შევიჭრათ კრემინასა და სევეროდონეცკში და ეს ფსიქოლოგიურადაც ძალიან მნიშვნელოვანია“  -განაცხადა ჩერევატმა.

ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ჰაიდაიც ელის, რომ ლუჰანსკის დეოკუპაცია ლიმანის გათავისუფლებით დაიწყება.

"მას შემდეგ, რაც ლიმანს ოკუპანტები დატოვებენ, ლიმანის მერე დაიწყება ლუჰანსკის დეოკუპაცია. ჩვენ ყველა ამას ველოდებით, ჩვენ ვემზადებოდით", - აღნიშნა მან.

აშშ-ის ვეტერანი გენერალი ევროპაში, ბენ ჰოჯესი კი აცხადებს, რომ რუსეთის დამარცხება ლიმანში პუტინის მხრიდან 4 რეგიონის ანექსიის დამტკიცების შემდეგ რუსეთის ლიდერისთვის "მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო სირცხვილი იქნება".


close დახურვა