logo
ENG



უკრაინის საგარეო: ისრაელში დაშავებულებს შორის უკრაინის მოქალაქეები არ არიან

07 ოქტ 202314:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/07/ihgrtbt2jiubj7p.png

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელში საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულებს შორის უკრაინის მოქალაქეები არ არიან.

"ბოლო მონაცემებით, ისრაელში საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულებს შორის უკრაინის მოქალაქეები არ არიან. უკრაინის საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ისრაელის ხელისუფლებასთან და მთავარ საავადმყოფოებთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ვიზიტისგან თავი შეიკავონ.

დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5000 რაკეტა ისროლეს. 

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ბოლო მონაცემებით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად ისრაელში 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, ხოლო 22 დაიღუპა.

ზოგიერთ დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სულ მცირე 80 ადამიანი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით სოროკას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.


close დახურვა