უნდა გამოცხადდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - ინფექციონისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება აგვიანებს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკვე საჭიროა. დარგის მკვლევრების მეორე ნაწილი კი საპირისპიროს ფიქრობს და ამბობს, რომ საქართველოში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე თვლის, რომ საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რათა სიტუაცია არ გაიქცეს კონტროლიდან და მოხდეს დაავადებულთა სწრაფი გამოვლენა.
„იმ ჩეხმა ტურისტმა პატიოსნად დარეკა და გვითხრა, სად იყო და როგორ იყო - მაგრამ ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით, რამდენი ადამიანი წავიდა, როგორ იყო. ამის კონტროლს ვერ შევძლებთ. უნდა ჩაგვეკეტა საზღვრები და გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ მუდმივად ვაგვიანებთ გადაწყვეტილებების მიღებას", - აცხადებს ვატო სურგულაძე.
სწრაფ გამოვლენაში ხედავს გამოსავალს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი კამკამიძე. მისი თქმით, უნდა დაიწყოს ზოგიერთი არასიმპტომური პირის სკრინინგიც, რადგან აღმოჩნდა, რომ მათაც გადააქვთ დაავადება.
„ახლო მომავალში უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნდა გაფართოვდეს სკრინინგღონისძიებები, მათ შორის არასიმპტომურ პირებზე - ისინიც ავრცელებენ, თურმე ინფექციას. მათი გამოვლენა მხოლოდ სწრაფი სკრინინგით იქნება შესაძლებელი", - ამბობს გიორგი კამკამიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 33 შემთხვევა ფიქსირდება - კორონავირუსისგან, სავარაუდოდ, ორი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.