სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეაფასა აზერბაიჯანის პრეზიდენტის წინადადება საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად გამოეყენებინათ.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოები არსებობს, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, რაც შეიძლება განმარტებულ იქნას, რომ აზერბაიჯანს შესაძლოა შეთანხმებული პრინციპების ნეიტრალიზება სურს.
"გრანადაში შედგა შეხვედრა, და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების რეგულირების პრინციპები დაფიქსირებულ იქნა ევროკავშირის პლატფორმაზე, ჩვენი თვალსაზრისით და ევროკავშირის თვალსაზრისით. და გასაგებია, რომ როდესაც ჩვენ ვხვდებით ბრიუსელში, საუბარი უნდა შედგეს ამ პრინციპების ჩარჩოებში, რომლებზეც მე არ ვიტყვი, რომ მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებს შეესაბამება. სომხეთის რესპუბლიკამ ისინი მიიღო და, სხვათა შორის, აზერბაიჯანმაც მიიღო. და ახლა, როდესაც ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ, სადაც გვაქვს ჩარჩოები, რომლებიც უნდა იყოს ხაზგასმული, და როდესაც აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას, ეს შეიძლება განმარტებულ იქნას, რომ სხვა პლატფორმაზე გადასვლით, აზერბაიჯანს შეთანხმებული პრინციპების ნეიტრალიზება სურს", - განაცხადა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
მისივე თქმით, იზრდება შიში იმისა, რომ ფარული გეგმა მოიცავს იმას, რომ ყველაფერი დასრულდება ძალის გამოყენებით, ახალი ომით, ახალი ესკალაციით.
"ჩვენ არ ვართ ნებისმიერი საუბრის წინააღმდეგი, მაგრამ წინააღმდეგი ვართ ლოგიკისა, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპების ჩარჩოებიდან გაგვიყვანს", - აღნიშნა ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც საქართველოს ცოტა ხნის წინ ეწვია, თბილისში თქვა, რომ ბაქო მზადაა ერევანთან მოლაპარაკება საქართველოში გამართოს, მაგრამ ამას სომხეთის თანხმობაც სჭირდება. როგორც ალიევმა თქვა, ფასილიტატორის როლის შესრულება მას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესთავაზა.