logo
ENG



ქალაქ ხერსონში რუსეთმა მთლიანად გაანადგურა ელექტროენერგიის სისტემა - DTEK

12 ნოე 202217:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/yspfotznphmhilu.jpg

უკრაინის ენერგოკომპანია DTEK-ის ცნობით, ქალაქ ხერსონში რუსეთმა მთლიანად გაანადგურა ელექტროენერგიის სისტემა. და მის აღდგენას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება.

DTEK-ის აღმასრულებელი დირექტორის დმიტრი სახარუკის თქმით, ხერსონის რეგიონში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემებია, ზოგიერთ დასახლებაში კი, როგორიც ქალაქი ხერსონია, სისტემა სრულად განადგურებულია.

DTEK-ის დირექტორის თქმით, მზადაა, გამოყოს შესაბამისი რესურსები, რათა რეგიონის გათავისუფლებულ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დროულად აღდგეს.

„იქ მხოლოდ გეგმურად მიწოდება კი არ ხდება, ელექტროენერგია საერთოდ არაა. ჩვენ მზად ვართ გამოვყოთ ხალხი, აღჭურვილობა, მასალები რათა დავეხმაროთ ხერსონში ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენაში ხერსონსა და ხერსონის რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე“ - განაცხადა სახარუკმა.

მისი თქმით, კიევის რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ მათ ენერგოსისტემის აღდგენა 30 დღეში შეძლეს. შესაბამისად უხეში დათვლებით ხერსონის რეგიონშიც იგივე დრო იქნება საჭირო.

 

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.

მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თქვა, რომ ამ ეტაპზე ვერ დაადასტურებდა და ვერც უარყოფდა ინფორმაციას ხერსონიდან რუსული ძალების გასვლის შესახებ. მისივე თქმით, შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას გეგმის მიხედვით.

10 ნოემბერს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რუსეთის ოკუპაციისგან 41 დასახლება გაათავისუფლეს. 10 ნოემბერსვე უკრაინელმა სამხედროებმა მიკოლაევის ოლქი რუსი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 10 ნოემბრის განმავლობაში უკრაინამ ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონებში ჯამში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

11 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ ხერსონში ანტონოვსკის ხიდის რამდენიმე ბილიკი, სვეტებს შორის მონაკვეთი აფეთქების შედეგად ჩაინგრა. Komsomolskaya Pravda-ს ჟურნალისტი, ალექსანდრ კოცი გადაღებულ ვიდეოში აცხადებს, რომ ხიდი სავარაუდოდ მაშინ აფეთქდა, როცა რუსები მდინარის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე გადადიოდნენ. ამავე დღეს, UNIAN-მა დაწერა, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა.

11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან 30 ათასზე მეტი სამხედრო გაიყვანეს. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ ბრიფინგზე თქვა, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 5 ათასი ერთეული, ასევე, მატერიალური ქონება გადაიტანეს.

ამავე დღეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ.

მანამდე სოციალურ ქსელებსა და ტელეგრამ არხებში ვრცელდებოდა სხვადასხვა ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, თუ როგორ ელოდება მოსახლეობა უკრაინელ სამხედროებს და როგორ აღმართეს უკრაინის დროშა სამხედროებმა და მოქალაქეებმა რამდენიმე მნიშვნელოვან ლოკაციაზე. ერთ-ერთი დროშა აღიმართა ხერსონში, ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაზე.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი არ მიიჩნევს, რომ ხერსონიდან ჯარების გაყვანა პუტინის პრესტიჟისთვის დარტყმაა. ამავდროულად, მისივე თქმით, რუსეთი აგრძელებს ხერსონის თავის ტერიტორიად განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ ჯარები გაყვანილია დნიპროს მარცხენა სანაპიროზე.


close დახურვა