logo
ENG



ქართული ოცნება ომბუდსმენობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

06 მარ 202322:29
3 წუთის საკითხავი
 
ქართული ოცნება ომბუდსმენობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ფრაქცია ქართული ოცნება ომბუდსმენობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე არგუმენტი, თუმცა არასაკმარისი იმისათვის, რომ მასზე უარი ეთქვათ.

"ერთადერთი კანდიდატურაა ლევან იოსელიანის, რომელზეც ვიმსჯელეთ. იყო დისკუსია, თუმცა საკითხი მალე გადავწყვიტეთ. აქვე გაგიმხელთ, რომ იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში იყო მხოლოდ 2 არგუმენტი წარმოდგენილი - რამდენიმე დეპუტატის მხრიდან გამოითქვა, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი და შესაბამისად შემდგომში სახალხო დამცველი, ასევე გაიხსენეს რამდენიმე განცხადება მის მიერ წარსულში გაკეთებული, რომელიც არ იყო რელევანტური. მხოლოდ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ.

საბოლოო ჯამში შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობით. ასევე მის პიროვნებასთან და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არავის ჰქონია. ყველაფერი უნდა გავაკეტოთ, რომ შესრულდეს ევრორეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხება", - თქვა მდინარაძემ.

***

სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი მისივე პარტია მოქალაქეებმა წარადგინა. იოსელიანს მხარს ოპოზიციის ნაწილი უჭერს.

28 თებერვალს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარტია მოქალაქეების ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება. იმავე დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატობასთან დაკავშირებით "ლიდერების დონეზე" გარკვეული კონსულტაციები იყო. იოსელიანის კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირეს დეპუტატებმა, თამარ კორძაიამ და ხათუნა სამნიძემაც.

2022 წლის დეკემბერში მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მმართველმა პარტიამ ომბუდსმენის კანდიდატურა არ წარადგინა. სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენის პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. მათ მხარს უჭირდა ოპოზიციის ნაწილიც. 

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი 22 დეკემბერს უყარა. საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია.

ომბუდსმენობის კანდიდატის არჩევას პარლამენტის 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

 

 


close დახურვა