ქართული ოცნება რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ფორმალობის დასაცავად მამუკა მდინარაძემ წერილით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს და ამის შესახებ აცნობა.
რიგგარეშე სესიის მოწვევა საპარლამენტო ოპოზიციამ მოითხოვა. სესიის დანიშვნის მოთხოვნით მათ პრეზიდენტს მიმართეს. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, რიგგარეშე სხდომების მიზანი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დაკისრებული დავალებების 12 პუნქტის შესასრულებლად მომზადება იყო. კერძოდ, მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ეხმიანებოდნენ რამდენიმე მიმართულებას - პოლარიზაციის აღმოფხვრას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და ელიტური კორუფციის აღმოფხვრას.
თუმცა, მმართველი პარტიის აზრით, სესიების მიზანია "არა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი".
პაპუაშვილისთვის გაგზავნილ ღია წერილში მდინარაძე წერს, რომ ოპოზიციის "დღის წესრიგი არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადგან მათი დამუშავება, განხილვა და შეჯერება არ მომხდარა პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკომიტეტო მოსმენებზე. მათგან მხოლოდ ერთი საკითხია პირველი მოსმენით მიღებული, თუმცა ეს საკითხიც არ არის მეორე მოსმენით განხილული საკომიტეტო სხდომაზე. ის საერთოდ არ შედის ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში და ჩვენი ფრაქცია მიმდინარე წელს საერთოდ არ გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია გაცხადებული და ცნობილია".
მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მუშაობს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ გეგმაზე. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა მართლაც გაიმართა, თუმცა, NGO-ების და ომბუდსმენის მიწვევის გარეშე.
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხის განხილვამ 2023 წლისათვის გადაიწია, ამ გეგმაში ცვლილებები არ შევა და როგორც სამუშაო ჯგუფებში, სადაც ჩვენი გუნდის წევრების გარდა, ოპოზიციის ნაწილიც იღებს მონაწილეობას, ასევე საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, მოხდება შესაბამისი კანონპროექტების დამუშავება, დაინიცირება და საკომიტეტო განხილვები, რის შემდეგაც მათ განიხილავს საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე.
აღნიშნული პროცესი, ჩვენ მიერ გაცხადებული ვადების შესაბამისად, 2022 წლის დეკემბრამდე ბოლომდე იქნება მიყვანილი. მათ შორის, რიგგარეშე სესიის დღისწესრიგში შეტანილი სხვა საკითხებიდან, რომელიც შეეხება სასამართლოს და ანტიკორუფციულ სამსახურს, ორივე მათგანთან დაკავშირებით არსებული სამუშაო ჯგუფების ფარგლებში და დადგენილ ვადებში მოხდება კანონპროექტების მომზადება, დაინიცირება და მიღება.
შესაბამისად, 18 ივლისიდან მოწვეულ ე.წ. რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარალელურ, მოგონილ, საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებაში უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას, ამიტომ ჩვენი ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს.
ამასთანავე, მოვუწოდებთ რადიკალური ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს, პარალელური პროცესების გამოგონებით ნუ გაამართლებენ და ნუ გამოეთიშებიან კომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე საპარლამენტო - სამუშაო ჯგუფების და საკომიტეტო საქმიანობაში, რაც, სხვათა შორის, მათი კონსტიტუციური ვალდებულებაცაა".- წერია მამუკა მდინარაძის წერილში.
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.