logo
ENG



ქართული პროტოკოლი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში - თენგიზ ცერცვაძე

21 აპრ 202017:30
3 წუთის საკითხავი
clock 2719

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის მკურნალობისა და გამოვლენის ქართული პროტოკოლი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში.

თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის განცხადებას პროტოკოლის ხარვეზების შესახებ და განაცხადა, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა სწორედ ამას მოწმობს.

„ზურაბ გურულმა გააკეთა რიგი შეფასებები პოლიტიკური სპექტრის, ექიმების და ჩვენი ამ კოვიდის მკურნალობის პროტოკოლის თაობაზე. კოლეგიალური პატივისცემის გამო არ ვპასუხობდით, მაგრამ როცა მან თქვა, რომ არასწორად ვმკურნალობთ, ჩავთვალეთ, რომ პასუხი უნდა გაგვეცა - მინდა შევეხო ორ პროტოკოლს - ერთია კოვიდის ნაკადების მართვის პროტოკოლი. ეს შეიცავს რამდენიმე სხვადასხვა პროტოკოლს ერთად - გულისხმობს, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი ან აქვს რაიმე სახის ქცევა (ჰქონდა კონტაქტი დაავადებულთან, მოგზაურობის ისტორია), მას შეუძლია მიმართოს 112-ს და მას გადაამისამართებენ სპეციალურ ტრენინგგავლილ ოჯახის ექიმებთან. თუ ისინი დარწმუნდებიან, რომ ჩივილი არაა საშიში, მას სთავაზობენ სახლში ყოფნას, მაგრამ თუ არსებობს ეჭვი კოვიდზე, მაშინ ამისამართებენ ცხელების ცენტრში. აქ ხდება მისი ტესტირება მაქსიმუმ 24 საათის მანძილზე. უდგინდება აბსოლუტური სიზუსტით, აქვს თუ არა კოვიდი - თუ არ აქვს ვირუსი, ის გადამისამართდება სახლში და აქვს თვითიზოლაციის რეკომენდაცია, ხოლო თუ აქვს ვირუსი, ენიშნება მკურნალობა და გადამისამრთდება მიმღებ ცენტრებში. ასეთი ნაკადების მოძრაობის სქემა არაა არცერთ ქვეყანაში, მე არ ვიცი. ეს მოქმედებს ძალიან ეფექტურად და ვფიქრობ, ამის დამსახურებაა ნაკლები რაოდენობა ავადმყოფებისა და გარდაცვლილთა დაბალი რიცხვი. ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი ევროპაში ჰყავთ მხოლოდ ჯუჯა სახელმწიფოებს ევროპაში", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 95 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.

17 აპრილიდან აკრძალულია ავტომობილებით გადაადგილებაც.


close დახურვა