logo
ENG



ღავთაძე: საპატრიარქომ იოანე გამრეკელის დაცვა არჩია ეკლესიის და სახელმწიფოს დაცვას

10 იან 202116:21
3 წუთის საკითხავი
clock 975
ღავთაძე: საპატრიარქომ იოანე გამრეკელის დაცვა არჩია ეკლესიის და სახელმწიფოს დაცვას

TDI-ის წარმომადგენლის, მაკო ღავთაძის შეფასებით, საპატრიარქომ იოანე გამრეკელის ბოლომდე დაცვა არჩია ეკლესიისა და სახელმწიფოს ავტორიტეტის დაცვას.

ის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ანტისემიტურ განცხადებას და მასზე საპატრიარქოს და სახელმწიფოს რეაგირებას გამოეხმაურა. 

მაკო ღავთაძე წერს: 

"საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (ანუ საპატრიარქო) ამბობს, რომ მათ უკვე ყველაფერი განმარტეს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებასთან დაკავშირებით და არც ბოდიშის მოხდას აპირებენ. 

 ისინი კვლავ მანიპულირებენ ისრაელის ელჩის, რან გიდორის განცხადებებით. დეკანოზ ჯაღმაიძის თქმით, იოანე გამრეკელი "შეხვდა ისრაელის ელჩს საქართველოში და იქ ყველაფერი იყო ცხადი". არადა ელჩმა, ანუ ისრაელის სახელმწიფომ, ერთხელ კი არა, სამჯერ თქვა, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება პრობლემურია და მოუწოდა როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფოს, კრიტიკულად შეაფასონ ეს ფაქტები.

როგორც ჩანს, დეკანოზი ილია კარკაძე უფრო ადვილად "გაწირა" საპატრიარქომ, მაგრამ მიტროპოლიტ გამრეკელს ვერ თმობს. ხომ გახსოვთ რომ გვითხრეს, დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება ანტისემიტური იყო და ნანობს თავის საქციელსო. გგონიათ მართლა ნანობს?

გუშინ დეკანომზა ილია კარკაძემ განმარტება გააკეთა და თქვა, რამეს კი არ ვიგონებო, რაც რეალობაა იმას ვსაუბრობო. ამბობს, რომ თავისი თანაკლასელი თემური უყვარს ებრაელებში და ბაღდათში მურთაზი, ზაზა და ნინოც. ჩვენი ებრაელები არ არიან ცუდებიო, სიონისტებს არ გვანანო და ისევ თავისი ავტორიტეტი, სტალინი დაიმოწმა, სტალინმა ხრუშოვს უთხრა ებრაელებს ნუ ებრძვი, სიონისტებს ებრძოლეო. გურიასაც ახსენებს, მანდ "ენრაოდენობით" ცხოვრობდნენეო და ამიტომ ქვია გ-ურიაო. ბოლოს ხსნის, რატომ გააკეთა ეს განმარტება - მის თანაკლასელს და მეგობრებს რომ არ წყენოდათ. ნანობს ახლა ის რამეს? (დეკანოზ ილია კარკაძის განმარტება იხილეთ კომენტარში).

უკვე მესამე კვირაა ვხედავთ უტიფარ უარყოფას, რომ მიტროპოლიტ იოანეს ქადაგება არ ყოფილა პრობლემური. არადა მისმა ქადაგებამ მარტო დეკანოზ ილიაში არ გააღვიძა ანტისემიტიზმი. მისი ქადაგების შემდეგ გაივსო სოციალური ქსელები საშინელი, სამარცხვინო და საშიში ანტისემიტური კომენტარებით. ეს პირდაპირ წაქეზებაა, სიძულვილის გაღვივებაა.

ვისმენთ ეს პერიოდი სადღეგრძელოებსაც, როგორ არასდროს ყოფილა საქართველოში ანტისემიტიზმი. ან ეკლესიას, ან ისრაელში საქართველოს ელჩ ჟვანიას, ან საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკანიანს ახსოვთ ვიტალი საფაროვი? 25 წლის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც 2018 წელს თბილისის ცენტრში ზუსტად რომ ანტისემიტური მოტივით მოკლეს". - წერს მაკო ღავთაძე. 

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა". მიტროპოლიტმა თქვა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. 

ორშაბათს, 4 იანვარს, ანტისემიტური განცხადება გააკეთა ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ილია კარკაძემაც. ის ეპისკოპოს იოანე გამრეკელს გამოექომაგა და თქვა, რომ "არსებობს  სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას. კარკაძემ თქვა, რომ იოანე გამრეკელი თავის მქადაგებაში ფაქტებს ყვებოდა. 

ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა. 

ორგანიზაციამ მოუწოდა იოანე გამრეკელს, ბოდიში მოიხადოს თავისი განცხადებებისთვის. 


close დახურვა