ოპოზიცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მუქარას ეხმაურება და ხელისუფლებას შესაბამისი მკაცრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მთავრობა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გააქტიურდეს იმისათვის, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მცდელობის საქმე რეზონანსული გახდეს.
„კადიროვის განცხადება არის თავხედური განცხადება, ტერორისტის განცხადება, რომელიც ტერორისტის ენით ბაქიბუქობს და ამბობს, რომ ეს მას რომ დაეგეგმა, კიდევაც შეასრულებდა და კიდევაც შეუსრულებია. ასეთ განცხადება აკეთებს პუტინის ქვეშევრდომი და მისი ერთ-ერთ მთავარი მეკავშირე კავკასიაში. სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და ღირსების მქონე სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, გასცემდა საკადრის პასუხს რუსეთის ფედერაციას და პირადად პუტინს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.
საკითხზე დღეს ასევე პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რუსეთთან მიმართებაში შეშინებული ადამიანის პოზიცია აქვს.
„ხელისუფლებას რუსეთთან მიმართებაში აქვს შეშინებული ადამიანის პოზიცია. ასე არიან ისინი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. „რუსეთი არ გავაღიზიანოთ“ პოლიტიკით ხელმძღვანელობენ ყველაფერში. ამიტომ მათგან გასაკვირი არ არის. არც მოლოდინი მქონდა, რომ დავით ზალკალიანი ბრიფინგს ჩაატარებდა და მკაცრ ნოტას გაუგზავნიდა რუსეთს. მგონი არავის ჰქონდა. ასეთი ხელისუფლება გვყავს, რას იზამ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, 15 ივნისს, „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ფორმულას" ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
საქმეს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. მან გიორგი გაბუნიასგან დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.