logo
ENG



ყიფშიძე სააკაშვილზე: სხეულზე დაზიანებები აქვს, ჩემი თვალით ვნახე

10 ნოე 202121:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/10/ajrzus5tgfdbs46.jpg

მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ გარეგანი დათვალიერების შედეგად, მიხეილ სააკაშვილს სხეულზე აქვს დაზიანებები.

"ახლა ტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, ჯერ არ დასრულებულა, მე ადრე გამოვედი, რადგან ჩემი საქმე დასრულდა. ასე რომ მალე გამოვლენ უკვე სხვებიც. გარეგანი დათვალიერება უტარდება და იღება ფოტოსურათები. აქვს დაზიანებები, არ ვილაპარაკებ ამაზე,  მე ხომ გითხარით აქვს დაზიანება, ვნახე დაზიანებები, უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით თვითონ კომისიის წევრები. აქვს [სხეულის] სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებები, მე შევამჩნიე ჩემი თვალით.დაზიანებები იქნება აღბეჭდილი ფოტოსურათებით. დასამალი არაფერი არ არის", - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე

 ყიფშიძე ამბობს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მკურნალობას არ გადის და ის არც მედიკამენტებს იღებს.

"მედიკამენტებს არ ღებულობს, ტესტები ავიღეთ, გარკვეული ნაწილი ტესტებისა არის უარესი, რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ აქ მკურნალობას ჩვენი პრეზიდენტი არ გადის. მდგომარეობა არ არის კარგი, ასე გაგრძელება შეუძლებელია. მთავარი რეკომენდაციაა რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, აქ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება" , - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე

ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი სასამართლოსთვის მორალურად გაძლიერებული იყო, თუმცა, იმით რომ გამოსვლის უფლება არ მიეცა უკმაყოფილოა.

"იგი სუსტად არის მაგრამ ძალიან ემზადებოდა დღეს, დღევანდელი სასამართლოზე გამოსვლისთვის. ძალიან ისეთი იყო, შინაგანად გაძლიერებული, ელოდა და ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას გამოსულიყო, არ გამოვიდა ეს და ძალიან უკმაყოფილოა" , - ამბობს ექიმი

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა. 

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრების უფლება კვლავ შეზღუდული აქვს.

სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა იუსტიციის სამინისტომ. მათი განცხადებით, შესაძლოა, გადაყვანის დროს "შესაძლოა მომხდარიყო დესტრუქციული ქმედებები 500-600 მანქანის მონაწილეობით". 

დღევანდელ პროცესზე, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო. 

საქმის განხილვა 29 ნოემბერს გაგრძელდება. 

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ სასამართლო ელოდება, როდის დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა ისე, რომ სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 41-ე დღეა, შიმშილობს. 8 ნოემბერს ის მოტყუებით გადაიყვანეს რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 საავადმყოფოში. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეუყრაცხყოფა და მოუწყვეს ე.წ შუმოკი - პატიმრებმა ერთხმად აგინებს და როგორც ადვოკატი და სახალხო დამცველი ამბობენ, გინების ხმა ყოფილი პრეზიდენტის საკანში ახლაც ისმის. 

საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, Amnesty International განაცხადა, რომ ის, რაც სააკაშვილის მიმართ ხდება, არის არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარად პოლიტიკური შურისძიება. 


close დახურვა