logo
ENG



ყოფილი პროკურორი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო არ გვაქვს

14 ივნ 202116:17
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პროკურორი, ზაზა დათუკიშვილი ფორმულას ეთერში ლაპარაკობს, რატომ გაძლიერდა ე.წ კრიმინალური ავტორიტეტების ინსტიტუტი საქართველოში. 

დათუკიშვილის თქმით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის არის სუსტი სახელმწიფო ორგანოები და ძალოვანი სისტემები, რომლებიც პრობლემაზე სათანადოდ ვერ რეაგირებენ. 

ასევე, ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი, მკაცრად მიუდგეს ე.წ ქურდებს და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს. 

დათუკიშვილი ხსნის, რომ ე..წ ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა კომპლექსური და ძალიან რთულია. ​

"გამოსაძიებლადაც ურთულესია ამ დანაშაულის გამოვლენა და დამტკიცება. არაერთი საქმე გვინახავს, როდესაც პროკურატურას პასუხისგებაში მიუციათ ამ დანაშაულისთვის სხვადასხვა პირები, მაგრამ სასამართლოში ეს ადამიანები ძალიან ხშირად მართლდებიან, იმიტომ, რომ ვერ გროვდება საკმარისი მტკიცებულება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანოები არის ძალიან სუსტი. უჭირთ მათ გამოძიების ჩატარება. საბოლოოდ, ვიღებთ ამ შედეგს, რომ ვიღაცები რჩებიან დაუსჯელები". - ამბობს ყოფილი პროკურორი. 

მეორე და მთავარი პრობლემა კი სასამართლოს სისუსტე და ამ სისტემაში შექმნილი არაერთი პრობლემაა. 

"რისთვისაც იყო თავის დროზე ე.წ კანონიერი ქურდის ინსტიტუტი შექმნილი, ვუბრუნდებით ამ მდგომარეობას. მათ აქვთ თავისუფლება და შეიძლება, ეს სახელმწიფოსთვის იყოს მომგებიან. ეს ადამიანები თვითონ აკონტროლებენ ვითარებას, ალაგებენ, იქნება ეს ციხე თუ ბიზნესი. 

სახელმწიფოს სურს, თვითონ მოიხსნას პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ თვითონ არ შესწევს არც ამისი სურვილი, არც უნარი და მათ გადააბარა ამ ხალხს ეს მოვალეობა. 

სასამართლო სისტემა არ არის ეფექტური, საზოგადოებას არ აქვს სურვილი, სასამართლოსთან დაიჭიროს საქმე. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო დღეს არ გვაქვს. სასამართლოში არაგონივრულად იწელება ყველა საქმე. მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა იდავოს 3-4 წელი, მეორე ინსტანციასა და მესამეშიც რამდენიმე წელი. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა აღსრულება. ამიტომ ურჩევნიათ მოლაპარაკება ან არბიტრაჟით საქმის გადაწყვეტა. ვინც ამას ვერ ახერხებს, ჩარევს კრიმინალურ ავტორიტეტებს". - ამბობს დათუკიშვილი. 

ზაზა დათუკიშვილმა, რომელიც პროკურატურაში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, სისტემა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა. მისი თქმით, პროკურატურის და „დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება“.


close დახურვა