logo
ENG



შაქარაშვილის დაზიანებები წყალში გადაადგილების დროს ვერ განვითარდებოდა - ექსპერტი

10 ივლ 202014:54
3 წუთის საკითხავი
 

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე მიიჩნევს, რომ გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს წყალში გადაადგილების დროს ვერ მიიღებდა. 

გეჯაძის თქმით, გამოძიების ფარგლებში დამატებით ექსპერტიზას კომისია ჩაატარებს. მისივე განცხადებით, შესაძლოა რელიეფის შესწავლაც მოხდეს. 

"სახეზე გვაქვს როგორც სხეულის წინა, მარცხენა მხარეს, ასევე წელის არეში მიყენებული არაერთი დაზიანება, საკმაო ძალის ზემოქმედებით, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევები.

ვადასტურებ, რომ ეს სისხლჩაქცევები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. მას სჭირდება საკმაოდ ძალის ზემოქმედება. მაღალი ალბათობით გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას სისხლის სამართლის საქმის მასალებით. არ არის გამორიცხული, რომ რელიეფის შესწავლა მოგვიწიოს.

ფაქტია, რომ ეს დაზიანებები, ერთობლიობაში აღებული, წყალში გადაადგილების დროს, რაიმე საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა", - განაცხადა ექსპერტმა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა. პირველადი დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფექსია წყალში დახრჩობით. 

გარდა ამისა, უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.

 

 


close დახურვა