logo
ENG



შაჰინი და ჯონსონი: აუცილებელია, მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს

18 აპრ 202112:14
3 წუთის საკითხავი
clock 1299

"ამერიკის ხმამ" სენატორებს, ჯინ შაჰინს და რონ ჯონსონს ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის შეფასება სთხოვა. 

შაჰინი და ჯონსონი იმედს გამოთქვამენ, რომ ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ. 

მათ წერილობით კომენტარში ნათქვამია: 

"იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია, ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად". 

აშშ-ში სამუშაო ვიზიტით ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე იმყოფებოდა - ის 12 აპრილს გაემგზავრა და სენატორებს: ჯიმ რიშს და ჯინ შაჰინს, ასევე, კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს ხშირად აკრიტიკებენ. 

კობახიძე ასევე შეხვდა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ჯორჯ კენტს და ეროვნული უშიშროების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორს, კრის სმითს; NDI-ისIRI-ისNED-ისა და IFES-ის პრეზიდენტებს. კობახიძის ვიზიტი 16 აპრილს დასრულდა. 

ამერიკის ხმის მიერ 14 აპრილს გავრცელებული განცხადების თანახმად,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ იმედგაცრუებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეუთანხმებლობის გამო, რაზეც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობა, მათი თქმით, ხელისუფლებას აკისრია.  

16 აპრილს ქართულმა ოცნებამ კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა
 
დღეს, 18 აპრილს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ისევ გაიმართება. შეხვედრას აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი დაესწრებიან. 
 

close დახურვა