logo
ENG



შეასრულე შეთანხმება, თავისუფლება რურუას-სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან

29 ივნ 202011:43
3 წუთის საკითხავი
 

"შეასრულე შეთანხმება", "გიორგი რურუა პოლიტპატიმარია", - ამ შინაარსის პლაკატებით პარლამენტთან ხმაურიანი აქცია იმართება. სამოქალაქო აქტივისტები გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. 

როგორც აქტივისტები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება. 

"მთელ მსოფლიოს ვისაც ოდნავ შესტკივა გული დემოკრატიაზე დაგვსვეს და ამაზე გვალაპარაკეს. გვითხრეს, რომ თუ ამაზე შეთანხმდებით, მერე ოდნავ სტაბილური და ნორმალური პერიოდი შეიძლება დაგიდგეთ ქვეყანაში. სენატორი რიში და დონალდ ტუსკი გიჟები კი არ არიან. ორივე პოლიტიკის ბურჯია. ეუბნებიან, რომ რურუა გაათავისუფლეთ. პრაქტიკულად უმარცლავენ. კობახიძე და თალაკვაძე რაღაცნაირად გვერდით იყურებიან. ამ სიგიჟეს ხომ არ ავყვებით", - განაცხადა აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა. 

აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება რუსეთის დავალებებს ასრულებს, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარება მხოლოდ მოსკოვს აწყობს. 

"ჩვენი ხელისუფლება ყველაზე მეტად რუსეთს ჰგავს და რუსეთის დავალებებს ასრულებს. ჩვენს ქვეყანაში უწესრუგობა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს. შეთანხმება უნდა შესრულდეს და ცხოვრება ნორმალურ, წესიერ კალაპოტში უნდა გადავიდეს", - ამბობს დავით გაბუნია. 

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება 2-ნაწილიანია. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოს და 2020 წლის არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული პრინციპით უნდა ჩატარდეს. 

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არც ერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.

მმართველ გუნდს არაერთმა, სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან.

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი ლიდერი ჯინ შაჰინი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ისინი ელიან რურუას გათავისუფლებასაც.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც „ფორმულასთან“ ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელისუფლებას ეკისრება.

გარდა ამისა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალმა ფასილიტატორმა ელჩებმა ერთობლივი განცხადება გავრცელეს, სადაც ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

 


close დახურვა