ბაჩანა შენგელია ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. როგორც „ფორმულას“ შენგელიამ განუცხადა, მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია პირადად იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დაწყებული კამპანია არ არის.
„მიმაჩნია, რომ ეს ცენზურის მცდელობაა. ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ დაიწყო 2018 წლის დეკემბერში და დასრულდა დედაჩემის გარდაცვალებით. წელიწადნახევარი უშედეგოდ ვცდილობ, რომ ეს საქმე გამოიძიონ. ეს არის იმ კამპანიის გაგრძელებას პირადად ჩემს მიმართ და მიზნად ისახავს უკვე ჩემს მიმართ ამ პროფესიიდან ჩამოშორებას. პირადად მე მებრძვის სამინისტრო და მინისტრი და ხელისუფლება ამ სამინისტროს სახით. არ მჯერა, რომ ეს პირადად წულუკიანის მიერ დაწყებული კამპანიაა“, - განაცხადა შენგელიამ.
რამდენიმე დღის წინ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუზღუდეს. მაშინ უწყებამ წერილობით განმარტებაში მომხდარი დისციპლინური სამართალდარღვევით ახსნა და მიუთითა, რომ დარღვევა ბიუროში მის მაგიერ შემცვლელის ყოფნა იყო. გარდა ამისა, შენგელიამ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო, რომლითაც ირკვევა, რომ მას სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტებისა და მისი აქტივობების გამო შეუჩერეს.
შეგახსენებთ, 2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და "მძიმე დარღვევები" გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლის ამბებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.