საქართველოს პარლამენტმა შეფასების სამუშაო ჯგუფის მიერ 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა მიმართ გაკეთებული შეფასებები გამოაქვეყნა.
9-კაციანი შეფასების ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა.
სამუშაო ჯგუფი ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენის მსურველ 19 ადამიანს 4 კრიტერიუმით აფასებდა. ესენია: 1. კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია; 2. მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა; 3. სანდო და პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა); 4. პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.
თითოეულ კომპონენტში სამუშაო ჯგუფის წევრები კანდიდატობის მსურველებს 1-10 ქულიან სკალით აფასებდნენ. საერთო ჯამში თითოეულს მაქსიმუმ 360 ქულის მიღება შეეძლო.
სამუშაო ჯგუფის 9 წევრის მიერ კანდიდატებობის მსურველებისთვის მიცემული შეფასებების დაჯამებით ირკვევა, რომ ყველაზე მაღალი შეფასება - 321 ქულა ანა აბაშიძემ მიიღო, ნაზი ჯანეზაშვილმა - 288 ქულა, ნუგზარ კოხრეიძემ - 237, გიორგი ბურჯანაძემ კი 231 ქულა მიიღო.
სამუშაო ჯგუფის შეფასებები და მასალები ახლა ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს წარედგინებათ, რომლებმაც, არაუგვიანეს 2022 წლის 21 ოქტომბრისა, მომავალი სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატები უნდა შეარჩიონ და დაასახელონ.
შეფასების ჯგუფის მიერ დაწერილი ქულები ასე გადანაწილდა:
1. ანა აბაშიძე - ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი - 321 ქულა
2. მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი - 221 ქულა
3. გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე - 231 ქულა
4. ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი - 166 ქულა
5. სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - 152 ქულა
6. თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - 221 ქულა
7. ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი - 4 ქულა
8. ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე - 53 ქულა
9. ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე - 78 ქულა
10. ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე - 237 ქულა
11. მაკა მინდიაშვილი - ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი - 17 ქულა
12. გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი - 171 ქულა
13. სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი - 223 ქულა
14. ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - 56 ქულა
15. ნიკოლოზ ნიკლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი - 105 ქულა
16. გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი - 53 ქულა
17. ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი - 154 ქულა
18. იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი - 62 ქულა
19. ნაზი ჯანეზაშვილი - ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი - 288 ქულა
სახალხო დამცველობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს 19-მა ადამიანმა მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.
31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.
მამუკა მდინარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიები "პირს შეკრავენ" და კანდიდატს არ წარადგნენ, ქართული ოცნება პროცესში ჩაერთვება და საკუთარ კანდიდატს დაასახელებს.
ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.
მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.
15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.