logo
ENG



შოლცი: სამხედრო აგრესია რუსეთისთვის შედეგებს გამოიწვევს, პარტნიორებმა ვიცით რა გავაკეთოთ

14 თებ 202220:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/14/wxfkzwzk23ne7eo.png

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა.

როგორც შოლცმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გერმანიისთვის არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი. 

"გერმანიის მთავრობისთვის გასაგებია, რომ შემდგომი სამხედრო აგრესია რუსეთისთვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს გამოიწვევს. ამას ხაზს ხვალაც, მოსკოვში ვიზიტისას გავუსვამ", - განაცხადა კანცლერმა. 

მისივე თქმით, დასავლეთი მზად არის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით დიალოგის რეჟიმი გააგრძელოს, თუმცა რუსეთმა სერიოზული ძალისხმევა უნდა ჩადოს დაძაბულობის დეესკალაციაში

ოლაფ შოლცმა განცხადება Twitter-ზეც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით არის:

"თუ რუსეთი დაარღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ვიცით რა გავაკეთოთ", - წერს გერმანიის კანცლერი. 

***

11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.

აშშ-მა რამდენჯერმე მოუწოდა ამერიკის მოქალაქეებს, ქვეყანა დატოვონ. მსგავსი მოწოდება გააკეთა არაერთმა ქვეყანამ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ ამ განცხადების მიხედვით არაძირითად პერსონალს ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლო.

თებერვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.

ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ. 

РИА Новости-მ 12 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.

გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.

12 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრისას ჯო ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკა საპასუხო ზომებს მიიღებს. ამასთან, ბაიდენმა საუბარისას განაცხადა, რომ მიუხედავად აშშ-ის მზაობისა დიპლომატიური ურთიერთობები ავითაროს, დასავლეთი სხვა სცენარისთისაც თანაბრად მზად არის. 


close დახურვა