შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
„შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფელ სავანეთის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.
ამავდროულად, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი ამოქმედებულია ბოლნისსა და მარნეულშიც.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 034 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 71-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ამავდროულად, ჯერჯერობით უცნობია როდის და როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ქვეყანაში.