logo
ENG



შურისძიებას კარგი არასდროს მოუტანია - კობა დავითაშვილის შვილი სააკაშვილზე

16 ნოე 202114:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/16/8cjduu5v2g40kx8.jpg

კობა დავითაშვილის შვილი, თორნიკე დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილი საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ კლინიკაში გადაყვანის საკითხს ექიმები უნდა წყვეტდნენ. როგორც დავითაშვილი ფეისბუქზე წერს, "დამნაშავე უნდა გასამართლდეს", მაგრამ კანონის ფარგლებში.

"ხალხის საჭორაო ნამდვილად არაა შიმშილის დეფინიცია, მაგრამ, ასევე მხოლოდ ექიმები უნდა აფასებდნენ, არის თუ არა ადამიანის სიტუაცია კრიტიკული. ციხე იმის ციხეა, რომ პირადი სურვილები, მგონი, შეზღუდული უნდა იყოს, არა? შესაბამისად, გაუგებარია რატომ ითხოვს საავადმყოფოში გადასვლას, თუ ამის საჭიროება არ დგას.

მინდა რომ აუცილებლად ნეიტრალური მხარისგან გასამართლდეს. მოიწვიეთ საზღვარგარეთიდან მიუკერძოებელი მოსამართლეები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება. თუ გაასამართლებენ, ხომ კარგი, თუ არადა, მე პირადად დავიღალე ამ ცირკით. რაც მნიშვნელოვანია, ის უკანა ფლანგზეა და ყველა იმას შევყურებთ, მიშა რას ჭამს თუ ბოდიში და რას ჯვ***

მე პირადად ყველაზე ირონიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მცდელობა არ ჰქონია. მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია, და მოდი გადავაგოროთ, რა, ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში. სჯობს, ქვეყნის აღმშენებლობით და გაძლიერებით დავკავდეთ, ვიდრე ჭორაობით", - წერს თორნიკე დავითაშვილი.

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. 

ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა