ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი, საქართველოს საზღვართან, ლარსის გამშვებ პუნქტთან სამობილიზაციო პუნქტის გახსნას აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გამშვებ პუნქტთან ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ანდრეი სერგეევი მივიდა.
"ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე შეხვედრა გაიმართა ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსის, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ხელმძღვანელობის მონაწილეობით.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილების ნაკადი სერიოზულად იზრდება. მიუხედავად იმ მიღებული ზომებისა, რომელთა შორისაა საგზაო პოლიციისა და უშიშროების ძალების სადღეღამისო მოვალეობის გაზრდა, ვითარება კვლავ უკიდეურესად დაძაბულია, რაც მოითხოვს უსაფრთხოების კუთხით დამატებითი ზომების მიღებას.
ამ მიზნით, ისევე როგორც უკანონო ქმედებებისა და კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობის რისკების შესამცირებლად, შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, მოქალაქეებს საზღვრის ფეხით გადაკვეთის ნება დართონ. ასევე, დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები სასაზღვრო მოძრაობის მოწესრიგებისა და უსაფრთხოების მიზნით. ამის გარდა, უახლოეს მომავალში გაიხსნება სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი," - ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს განცხადებაში.
უკვე მეშვიდე დღეა, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეები შემოდიან.
დღეს ტელეგრამარხებზე გამოჩნდა ფოტოები, სადაც რუსეთის მხრიდან ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსი სამხედროებისა და ჯავშანტრანსპორტის გადაადგილება ჩანს, რაც მოგვიანებით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმაც დაადასტურა.
26 სექტემბერს გამოცემა Meduza-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლება სამობილიზაციო ასაკის კაცებისთვის საზღვრების ჩაკეტვას აპირებს. მისივე თქმით, აკრძალვის შემოღების ყველაზე სავარაუდო თარიღი 28 სექტემბერია.
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. სამთავრობო პორტალზე "Explain.rf" ნათქვამია, რომ "პრიორიტეტულად" მობილიზებას ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები. Meduza-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები და სერჟანტები რეზერვში არიან 50 წლამდე, გენერლები კი უკვე 70 წლამდე.